თურქეთის დელეგაცია F-16-ების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში გაემგზავრა

თურქეთის დელეგაცია F-16-ების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში გაემგზავრა

თურქეთის სამხედრო დელეგაცია F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური დელეგაცია აშშ-ში აღნიშნული პროცესის დაჩქარებას ეცდება და დეტალებს შეათანხმებს.

ცნობისათვის, აქამდე თურქეთისათვის F-16-ების მიყიდვასთან დაკავშირებით სულ სამი შეხვედრაა გამართული, 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის თებერვალში და რამდენიმე თვის წინ, მარტში.

F-16-ების შეძენის შესახებ მოთხოვნა თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად 2021 წლის ოქტომბერში წარადგინა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქეთი 6 მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ 40 ერთეულ ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ს მიიღებს. გარდა ამისა, შეთანხმება თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 79 საფრენი აპარატის მოდერნიზაციისთვის ინვენტარის მიწოდებასაც ითვალისწინებს.

F-16-ების თურქეთისათვის მიყიდვის შესახებ თანხმობა და მზაობა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ გამოთქვა. ივნისში, ნატოს სამიტზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბაიდენის შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა. „ჩვენ თურქეთს F-16-ები უნდა მივყიდოთ. ასე ვფიქრობდი დეკემბერში და აზრი არც ახლა შემიცვლია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თუმცა, ივლისში აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ჯო ბაიდენს თურქეთისათვის F-16-ების მიყიდვა პროცედურულად გაურთულა. ახალი დადგენილების თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დაამტკიცოს, რომ F-16-ებისა და მოდერნიზაციისთვის განკუთვნილი ინვენტარის ანკარასთვის გადაცემა ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია. გარდა ამისა, ბაიდენმა კონგრესს უნდა წარუდგინოს გარანტია, რომ გამანადგურებლების გადაცემიდან 120 დღის განმავლობაში თურქეთი საბერძნეთის სუვერენიტეტს არ დაარღვევს.