საქართველოს პრეზიდენტმა Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის კონკურსის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

“მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ანა რობაქიძე კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი”, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ანა რობაქიძის ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანიისა თუ სტარტაპის წარმომადგენელი დაესწრო.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.

Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა. დღემდე, Theneo-ს $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული – ამასთანავე, ის პირველი ქართული “უნიქორნობის”, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

აქვე შეგახსენებთ, რომ Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე 2018 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.