ბიზნესი და პოლიტიკა

ბიზნესი და პოლიტიკა

უნივერსიტეტში სწავლისა და შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ხან ბიზნესშია, ხან პოლიტიკაში. მისთვის ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან ცხადად განსხვავებულია.მის მიერ დაფუძნებულ ომეგა ჯგუფს ბიუჯეტში მილიარდნახევარ ლარზე მეტი აქვს შეტანილი. დივერსიფიცირებული ბიზნესების ჰოლდინგი სამომავლო გეგმებს აწყობს, მისი პოლიტიკოსი დამფუძნებელი კი ბიზნესგარემოს რისკებს აფასებს.

ავტომობილები, სტამბა, ფაბრიკა, ტელევიზია – ეს ომეგა ჯგუფის ბიზნესებია – ერთ-ერთი ყველაზე შეკრული ბიზნესჯგუფის საქართველოში, რომლის დამფუძნებელიც გულდასმით არჩევს დროს, როდის დაელაპარაკოს მედიას. Forbes Georgia-ს ისეთი სიტყვაძუნწი რესპონდენტების ალაპარაკებაც შეუძლია, როგორიც ზაზა ოქუაშვილია.

მის წინდახედულობას თავისი საფუძვლები აქვს. როგორც თავად ამბობს, ხმას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა მის დემონიზებას ახდენენ: „რამდენჯერმე შექმნეს ჩემგან მონსტრი – ჰოდა, ვამბობ, თუ მონსტრი ვარ, გამოვჩნდები და შემაფასეთ“.

ზაზა ოქუაშვილი პროფესიით ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. მისი პირველი ბიზნესი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში, საირმის ქუჩაზე, პატარა თონე იყო. 1987 წელს 24 წლის ასაკში ბიზნესმენმა კომპანია „ომეგა“ დააარსა, რომელიც დღეს უკვე ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი და სადისტრიბუციო ბიზნეს ჯგუფია საქართველოში.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ოქუაშვილის რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის „ომეგასა“ და „იბერიაში“ სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს და ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

დღეს ტელეკომპანია იბერია ისევ მაუწყებლობს, მასზე ყველა უფლება დაუბრუნდა ომეგა ჯგუფს  და მისი დამფუძნებელიც ისევ ზაზა ოქუაშვილია. იბერია ისევ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, ოღონდ ამჯერად არა ძალის, არამედ ბიზნესბერკეტების გამოყენებით. ომეგა ჯგუფი ამჟამად დავობს, რომ თამბაქოს დარგში მის კონკურენტ მულტინაციონალურ უცხოურ კომპანიებს ხელისუფლება ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირების საშუალებას აძლევს, რაც ხელოვნურად ამცირებს იმ შემოსავლებს, რაც ტელევიზიის მუშაობას ხმარდება. ომეგა ჯგუფს ხელში უჭირავს საერთაშორისო აუდიტის ‘გრანტ ტორნტონის’ დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ჰოლდინგის მტკიცებით, დემპიგისა და მტაცებლური ფასების გავლენა დადასტურებულია. ბოლო პერიოდში, ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის სახელი ე.წ. „პანამის დოკუმენტებშიც“ გამოჩნდა, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა მოამზადა: დოკუმენტებში საუბარია იმ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ოფშორებში აქვთ ფირმები დარეგისტრირებული. ამ მასალების მიხედვით, ზაზა ოქუაშვილი წილებს ოფშორში რეგისტრირებულ სამ კომპანიაში – Finley Trading-ში, DAGMAR FINANCE GROUP INC.-სა და Velsan Trading Corp-ში ფლობს. ამავე დოკუმენტების მიხედვით, ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის კაპიტალი 250 მილიონ ამერიკულ დოლარს ითვლის. ოქუაშვილი ამბობს, მაშინდელ საქართველოში არსებული ფინანსური და სამართლებრივი არაადეკვატურობისა და დაუცველობის გამო გადაწყვიტა, რომ ოფშორული კომპანიების საშუალებით ყოფილიყო ომეგას მფლობელი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე მას დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიენიჭა. დღესაც მისი დრო გაყოფილია ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. არის ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე.

ომეგა ჯგუფის მთავარი სლოგანი დღეს ასეთია: გლობალური ხედვა, ადგილობრივი სიძლიერე. გლობალურ ხედვაში, ზაზა ოქუაშვილი იმ უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლებიც ომეგა ჯგუფმა საქართველოში შემოიყვანა – მათ შორის, BMW, MINI, IVECO, Chevrolet, General Motors, Bentley, Mazerati. მისი სტამბა ‘ომეგა თეგი’ Heidelberg-ის ბეჭვდითი წარმოების მსოფლიო ლიდერის პარტნიორია, BMW-სა და MINI-ის შოურუმები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც აქვს. ადგილობრივი სიძლიერე ომეგა ჯგუფის დამფუძნებლისთვის, პირველ რიგში, გამართული წარმოებაა. მისი თქმით, ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკისთვის ხელშესახები მხოლოდ მაშინ არის, როცა ის გრძელ ვადაზეა გათვლილი და როდესაც, მასში არა მხოლოდ საგადასახადო ეფექტი ან პირდაპირი ინვესტიციებია გათვალისწინებული, არამედ წარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კომპონენტებიც.

ომეგა ჯგუფი დღეს ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელად ითვლება. ბიუჯეტში ამ ჯგუფს შეტანილი აქვს მილიარდნახევარ ლარზე მეტი. მარტო თამბაქოს პროდუქტის წარმოების წილი 850 მილიონ ლარზე მეტია. ამას ემატება ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ასევე – განვითარებული ინფრასტრუქტურა: ცოტა ხნის წინ, ომეგა მოტორსისა და ბენტლის ოფისების ტერიტორიამ თანამედროვე ქუჩის სახე მიიღო – ზაზა ოქუაშვილი ომეგას მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილებას უწონებს, რადგან თვლის, რომ მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურა ქუჩის სიღრმეში არსებულ მიწას ფასს აუმაღლებს და შეიძლება კარგი სასტარტო პოზიცია აღმოჩნდეს ახალი სავაჭრო ცენტრებისთვისაც.

ჯგუფს უკვე აქვს გადაწყვეტილი სამშენებლო ბიზნესში შესვლაც. ამ მიზნით ბრიტანული ინვესტიციები უკვე მობილიზებულია. ნახაზებიც, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით, ინგლისში მომზადდა. გეგმის მიხედვით, თბილისში, ომეგა ჰოუმში 5 ათასი ოჯახი იცხოვრებს. გათვალისწინებულია სოციალური სახლების მშენებლობაც. არქიტექტურის სამსახურს ნახაზები უკვე ჩაბარებული აქვს, ფორმალობების მოგვარების შემდეგ, ომეგა ჯგუფი ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. 

უფრო ადვილია დღეს ქვეყანაში ბიზნესის წარმოება, ვიდრე ადრე იყო?

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ წარსულისგან მემკვიდრეობად დაგვრჩა – საბჭოური კულტურა და აზროვნებაა. ეს განსაკუთრებით გვეტყობა – საქმის კეთებაში და ზედმეტ ბიუროკრატიაში. დღეს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

კანონის უზენაესობის კუთხით რა მდგომარეობაა – დაცულია დღეს ქვეყანაში აქტივები და ინვესტიცია?

ჩემი პოზიცია ასეთია: შეიძლება, რომ კანონები მუდმივად იხვეწებოდეს, რეალობას ერგებოდეს. ყველაფრის ზემოთ კი მათი შესრულებაა. დღეს ორივე ამ მიმართულებით არის პრობლემები. სამწუხაროდ.

რეფორმები არასწორი მიმართულებით მიდის?

მე იმას გეტყვით, რაც კარგად მესმის. მაგალითად, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სიგარეტის შეფუთვა უნიფიცირებული უნდა ყოფილიყო. ამას ჩვენგან ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი ითხოვს. მაგრამ კანონი 3 თვის შემდეგ შეცვალეს და 5 წლით გადაავადეს. 3 წლის დაგვიანებით, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს. როდესაც ასეთი არაპროგნოზირებადი გარემოა, კარგი რეფორმების, მაგალითად, იგივე მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს ვერ შევაფასებთ, რადგან არ გვეცოდინება, ამ რეფორმით რაც მოვიგეთ, სადმე სხვაგან უფრო მეტი ხომ არ წავაგეთ.

ყველაზე რთულად სამართავი რომელი ბიზნესია?

დიდი ბიზნესი ყოველთვის რთული სამართავია. მაღალი სარგებლისაკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ ძალიან საფრთხილოც.

პოლიტიკაში ყოფნა დაცვის მექანიზმია?

არა. ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს. მაგრამ პოლიტიკოსი იქნებოდა უკეთესი, თუ კი მას ბიზნესის სამყარო ესმის. ბიზნესის ლოგიკა თუ გესმის, პოლიტიკოსობა უფრო ადვილია. ამას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკაც.

რას გულისხმობთ?

შეხედეთ, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი დღეს ბიზნესმენია. დიდი გამოცდილება ჰქონდა ბიზნესში და ამ გამოცდილებას გაუზიარებს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს.

მათ შორის, Fox-ის მეშვეობითაც. მედია დღეს ბიზნესია საქართველოში?

სამწუხაროდ, ვერ დავარქმევ ბიზნესს. მედიაბიზნესზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას – ზოგი პირდაპირი, ზოგიც – ირიბი. მაგალითად, იბერიას შემთხვევაში, დემპინგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თავისუფალი სიტყვის ფასი, რომ არ დაიმალოს არასწორი მოქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონის უგულებელყოფა.

მაგალითად?

საქართველოს კონსტიტუცია ზღუდავს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვას. ამას უნდა დაცვა. თეორიები, რომ დიდ ფირმებს უფრო ნაკლები უჯდებათ თვითღირებულება, უნდა წაყვეს სოციალიზმს. ეს ასე არ არის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ხელშეწყობა სჭირდება ადგილობრივ წარმოებას და კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა მუშაობდეს.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში რას გულისხმობთ – აწარმოე საქართველოში არ მოგწონთ?

ნამდვილად კარგი სლოგანია. ამას მივესალმები. მაგრამ მერე უნდა დავსვათ კითხვა – რა და როგორ ვაწარმოოთ? და რა პირობებში? რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა იყოს პროაქტიული და თვითონ ცდილობდეს, რომ დასვას ის საკითხები, რაც მას აწუხებს. მაგრამ ამასთან, აუცილებელია, რომ კანონი ყველასთვის ერთი იყოს.

ამბობთ, რომ უცხოური ინვესტიციები უფრო დაცულია ამ ქვეყანაში, ვიდრე ადგილობრივი?

მე ვერ ვხედავ ბევრ უცხოურ ინვესტიციას. რამდენი ფაბრიკა აშენდა? რა შეიქმნა უცხოური? მე დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიტანე დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ფიზიკურად შეგვიძლია ვნახოთ სად დაიხარჯა. სხვა უცხოური ინვესტიციები სად იხარჯება, რა სარგებელი მოაქვს, ეს შეგვიძლია დაზუსტებით ვიცოდეთ?

დასაქმებული მუშახელი, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები არ ითვლება?

უცხოური ინვესტიციების უმრავლესობა არ არის გრძელვადიანი. ბიზნესი მოდის წარმოებიდან. ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე ვერ დაეყრდნობა მხოლოდ იყიდე-გაყიდეს. ყველას, ვისაც რამე შემოაქვს ამ ქვეყანაში, ბუნებრივი ინტერესი აქვს, მინიმალური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში. თუ კანონი თანასწორობაზე არ იქნება ორიენტირებული, მსხვილი მულტინაციონალური კომპანიები მუდმივად დაჩაგრავენ ბაზრის ადგილობრივ, შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებს, რომელთაც არ აქვთ გადასაყრელი ასეულობით მილიონი დოლარი, მაგრამ რაც აქვთ, იმას მომავალში აბანდებენ. ევროპისკენ თუ მივდივართ, კონკურენციის დაცვა გამონაკლისი არ უნდა იყოს.

ევროპა ახსენეთ – რუსეთი თუ დივერსიფიცირებული ბაზრები?

ბაზრები უნდა გავხსნათ ყველა მიმართულებით. დივერსიფიკაცია ყოველთვის მომგებიანია. პოლიტიკამ ბიზნესისგან უნდა ისწავლოს ეს მიდგომა. ევროპა; ამერიკა, პირველ რიგში; თუნდაც იგივე რუსეთი – ყველა მიმართულებით უნდა შეგვეძლოს ვაჭრობა. მთავარია, სულ გახსოვდეს შენი მიზანი. უნდა განვდევნოთ სოციალისტური მენტალიტეტი და აღარ უნდა დავუბრუნდეთ მას. უნდა შევქმნათ ცივილიზებული ბიზნესგარემო ევროპასთან, ამერიკასთან და მსოფლიოსთან ერთად.

რამდენად არის ეს შესაძლებელი, როდესაც რუსეთია ჩვენი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ამავდროულად ყველაზე დიდი მტერიც?

დასავლეთი ჩვენს გვერდითაა. ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენი ძალა გამჭვირვალობა, ეფექტიანი დიპლომატია, ცივილიზებულ სამყაროსთან სიახლოვე და ქვეყნის სწორად მართვა უნდა იყოს. თუ ამ ყველაფერში დიდი ბნელი უბნები გამოირიცხება, მაშინ ქვეყანა წარმატებული იქნება.

ინგლისურ ენაზე.