ამერიკულმა Forbes-მა ევროპაში, გამოცემის პრესტიჟული ჯილდოს, 30Under30-ის 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. ჯამში სამასმა ახალგაზრდამ ევროპის სიიდან, კოლექტიურად $3 მილიარდის კაპიტალის დაგროვება მოახერხა, რაც $1 მილიარდით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებულ მონაცემებზე.
გამარჯვებულები Forbes-ის თანამშრომლებთან ერთად, დამოუკიდებელი, ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ შორის იყვნენ Bliss Spa-ს დამფუძნებელი მარშა კილგორი, მუსიკოსი ჯოი კრუქსი, WorldRemit-ის დამფუძნებელი ისმაილ აჰმედი და სხვები. შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ისეთ კრიტერიუმებზე, როგორებიცაა კანდიდატების შემოსავალი, დაფინანსება, სოციალური გავლენა და მასშტაბი, ინოვაციურობა და პოტენციალი.
ოცდარვა ქვეყნიდან, გამოცემის 2023 წლის გამარჯვებულებს შორის, შოუბიზნესის კატეგორიაში ვხვდებით „თეთრი ლოტუსის“ 28 წლის ვარსკვლავს, სიმონა ტაბასკოს, რომელიც ამავდროულად კიმ კარდაშიანის კომპანია Skims-ის სარეკლამო კამპანიის მონაწილეცაა. საცალო და ელექტრონული კომერციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ერიკ ლიუ, აზიური საკვებისა და სურსათის მიწოდების ონლაინპლატფორმა HungryPanda-ს დამფუძნებელი. HungryPanda ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით 60-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი, მისმა გაყიდვებმა კი, ლიუს ინფორმაციით, 2022 წელს $200 მილიონს მიაღწია.
სპორტის კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ 22 წლის ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი, FIFA-ს მიერ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელებული 29 წლის ალექსია პუტელასი, „ბარსელონის“ ქალთა შემადგენლობიდან და ჯორჯ რასელი, ფორმულა 1-ის 25 წლის პილოტი, Mercedes-AMG-დან.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 30Under 30-ის სიის 240 კომპანიიდან 40%-ს ქალი წარმომადგენელი ჰყავდა, უმაღლესი ლიდერის როლში. თუმცა, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ევროპულ საინვესტიციო სცენასაც დიდი გზა აქვს გასავლელი გენდერულ თანასწორობამდე. ევროკავშირის კვლევით, ორგანიზაციის მასშტაბით, დამფუძნებლებს შორის მხოლოდ 11%-ია ქალი, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში, ქალი დამფუძნებლების პროცენტული ოდენობა 23%-სა და 20%-ს აღწევს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Forbes-ის პრესტიჟული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულების საშუალო ასაკი 27 წელია, თუმცა მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 14 წლის მოდელი ჯორდან ოგუნტაიოა. ჯორდანი 2018 წლიდან Zara-ს წამყვან სახეებს შორისაა, წარსულში კი პარტნიორობა აკავშირებდა ისეთ გიგანტებთან, როგორებიც Dior-ი, Calvin Klein-ი, Moncler-ი, Tommy Hilfiger-ი და Primark-ი არიან. ცნობისთვის, მიმდინარე წლის სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და ბელგიას ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში 30Under30-ის გამარჯვებულის წოდებას საქართველოს ორი წარმომადგენელი დაეუფლა. ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა, საქართველოს ნაკრებისა და იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ 22 წლის ფორვარდი. ხვიჩასთან ერთად კი, გამოცემის ჯილდოს მოპოვება, ტექნოლოგიების კატეგორიაში, 25 წლის რეზი ჩიკვილაძემაც შეძლო, რომელიც კომპიუტერული პროგრამირების კომპანია Syniotec-ის თანადამფუძნებელია.