შვეიცარიის მთავრობამ დაბლოკა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, Leopard 1-ის ასამდე ტანკის შესყიდვას გეგმავდა. გარიგება უკრაინასა და იარაღის შვეიცარიულ მწარმოებელ კომპანია Ruag AG-ის შორის უნდა შემდგარიყო.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, მოთხოვნა „შეუსაბამოა ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასთან“ – შვეიცარიის ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონფლიქტის აქტიურ ზონაში იარაღის მიყიდვას ვერ დაამტკიცებს. როგორც Ruag AG-ში აცხადებენ, კომპანია შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად „აცნობიერებს“.
Ruag AG–სა და უკრაინას შორის შეთანხმება ომში მყოფი ქვეყნისთვის ჯამში 96 ერთეული არაოპერაციული Leopard 1-ის მიყიდვას ითვალისწინებდა. ტანკების განახლება გერმანიაში იგეგმებოდა, საიდანაც ისინი უკვე უკრაინაში გადაიგზავნებოდა. შვეიცარიული კომპანიის საკუთრებაში არსებული Leopard 1-ები ამჟამად იტალიაში ინახება.
ცნობისთვის, Ruag AG-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს შვეიცარიასა და გერმანიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც გერმანია შვეიცარიის არმიიდან 25 ერთეულ Leopard 2-ს შეიძენს. გერმანია ტანკებს, უკრაინაში გაგზავნილი ტანკების სანაცვლოდ, მხოლოდ მარაგის შესავსებად გამოიყენებს და მეზობელი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის დასაცავად მათ ბრძოლის ველზე არ გადაგზავნის.