სწრაფი კვების ობიექტებმა, McDonald’s-მა და Wendy’s-მა, მოიგეს სასამართლო დავა, რომელიც რესტორნების ქსელებს, ბურგერების ზომის გაზვიადებით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა. აშშ-ის ფედერალური ოლქის მოსამართლე ექტორ გონსალესის განჩინებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ სწრაფი კვების ობიექტები მომხმარებელს იმაზე პატარა ზომის ბურგერებით უმასპინძლდებოდნენ, ვიდრე მათ რეკლამებზეა გამოსახული.
ლონგ-აილენდის მკვიდრ, მოსარჩელე ჩიმიენტის მტკიცებით, McDonald’s-ისა და Wendy’s-ის რეკლამებში ძროხის ხორცის კატლეტები სრულად მომზადებული არაა, რადგან ხორცის ზომა, შეწვასთან ერთად, 25%-ით იკლებს. საჩივარი McDonald’s-ისა და Wendy’s-ისთვის მომუშავე საკვების სტილისტის სიტყვებსაც ციტირებს, რომლის თანახმადაც, სწრაფი კვების ობიექტებში მუშაობისას უპირატესობას არასაკმარისად შემწვარ კატლეტებს ანიჭებდა, რადგან სრულად მომზადებული „ნაკლებად მადისაღმძვრელად“ გამოიყურებოდა. ბურგერის ზომის გარდა, ჩიმიენტი Wendy’s-ს გამოყენებული ტოპინგების რაოდენობის ზრდასაც ედავებოდა.
მოსამართლე გონსალესის განჩინებით, ქსელების ძალისხმევა, მათი ბურგერები მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, „არაფრით განსხვავდება სხვა კომპანიების მხრიდან ვიზუალურად მიმზიდველი სურათების გამოყენებისგან, მათი პროდუქტებისადმი პოზიტიური ასოციაციების გასაძლიერებლად“. გონსალესის განცხადებით, McDonald’s-ი და Wendy’s-ი არ არიან ლეგალურად ვალდებულნი, მათი ბურგერები რეკლამებით გაყიდონ, მათი ვებგვერდები კი მომხმარებელს სრულად აწვდიან ინფორმაციას ბურგერების წონისა და კალორიული შემცველობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, მსგავსი ბრალდებების სამიზნე არაერთი სწრაფი კვების კომპანია გახდა. მაგალითად, აგვისტოში, Burger King-ს ბურგერ „ვოპერის“ ზომის გამო უჩივლეს, რომელიც, მოსარჩელეთა მტკიცებით, რესტორნის მენიუში უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეშია. პიცების ზომასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს Taco Bell-ის წინააღმდეგაც.