Samsung Electronics-ის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება დაახლოებით 10-ჯერ უნდა იყოს გაზრდილი. თუ დადასტურდა, შედეგები ბაზრის მოლოდინსაც გადააჭარბებს, რაც, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, ჩიპების ფასების ზრდის დამსახურებაა.
თუმცა განცხადება ინვესტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. პარასკევის მონაცემებით, Samsung-ის აქციათა ფასები 1.3%-ით დავარდა, მაგრამ ეს გასაკვირი არაა, რადგან განახლებები ჯერჯერობით მუშაობის პროცესშია. მართალია, Samsung-ი ამ ეტაპისთვის კონკურენტებს ჩამორჩება, თუმცა უახლოეს პერიოდში მეხსიერების ჩიპების ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
მეხსიერების ჩიპებისა და ტელევიზორების უმსხვილესი მწარმოებლის შეფასებით, მისი საოპერაციო მოგება, 31 მარტს დასრულებულ კვარტალში, მოსალოდნელზე მეტით, $4.89 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 931%-ით მეტია გასულ წლის იმავე პერიოდის მონაცემზე და ყველაზე მაღალია 2022 წლის მესამე კვარტალის შემდეგ. თუმცა შემოსავალმა პროგნოზები ვერ გაამართლა და წლიურ ჭრილში მხოლოდ 11%-ით, $52.6 მილიარდამდე გაიზარდა.
ტრადიციულად, ჩიპების განყოფილება Samsung-ის შემოსავლის ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს და ბოლო ხუთ კვარტალში პირველად, შესაძლოა მოგებაზეც გავიდეს. ამის მიზეზი ჩიპების ფასის ზრდაა, რადგან პანდემიის პერიოდში გაჯეტებზე შემცირებული მოთხოვნა ახლა ძველ შედეგებს უბრუნდება.
ანალიტიკოსთა ვარაუდით, Samsung-ის მოგება ზრდას განაგრძობს, რადგან მესამე კვარტალში კომპანია მისი უახლესი და ყველაზე ძლიერი HBM-ჩიპების მიწოდების დაწყებას გეგმავს.
Eugene Investment & Securities-ის შეფასებით, Samsung-ის სმარტფონების მიწოდებამ პირველ კვარტალში 57 მილიონ ერთეულს მიაღწია, გასულ კვარტალთან შედარებით 8%-ით მეტს. ხოლო სმარტფონების საშუალო გასაყიდი ფასი, სავარაუდოდ, კვარტალურ ნიშნულში 30%-ით, $340-მდე გაიზარდა.