ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალება ირანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ჩრდილოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

გუშინ, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ უკან დაბრუნებისას ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენმა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ირანული მედიის ცნობით ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ავიაკატასტროფის მიზეზიც სწორედ უამინდობა გახლდათ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტის ვერტმფრენმა „მძიმე დაშვება“ განახორციელა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად 3-ვერტმფრენიანი კოლონით გადაადგილდებოდა, 2-მა მათგანმა კი ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვეს.

მომხდარიდან მალევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც მომხდარი კატასტროფა და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

თავდაპირველად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი ადგილობრივი წარმოების 70-იან წლებში დამზადებული ვერტმფრენით გადაადგილდებოდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტი ამერიკული წარმოების Bell 212-ის ტიპის ვერტმფრენით გადაადგილდებოდა, რომლის წარმოებაც 1968 წელს დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში დასახმარებლად ირანში საკუთარი სამაშველო დანაყოფები, ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და აღჭურვილობა თურქეთმა და აზერბაიჯანმა გაგზავნეს. ირანს, დახმარება რუსეთმაც შესთავაზა.

ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბორტზე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და იმამიც იმყოფებოდნენ.

ცნობისათვის, ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი, მუჰამად მოხბარი იკისრებს. მუჰამად მოხბარს პარლამენტის წევრებთან ერთად ახალი არჩევნების დაგეგმვაც ევალება.