როგორ წარიმართა უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში?

როგორ წარიმართა უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში?

15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 90-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა მიიღო. წარმომადგენლებს შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. თუმცა სამიტს არ ესწრებოდნენ უკრაინაში ომის მთავარი ფიგურანტი რუსეთისა და კონფლიქტის მოგვარებაში ფასილიტაციის სურვილის გამომხატველი ჩინეთის ლიდერები. ვლადიმირ პუტინი სამიტზე მიწვეული არ ყოფილა.

ჩინეთის მხრიდან სამიტში მონაწილეობაზე თავის შეკავება ცხადყოფდა, რომ კონფერენცია კონკრეტული შედეგების მიღწევის გარეშე ჩაივლიდა. უკრაინის მიზანი სამხრეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოების რუსეთის იზოლაცირების აუცილებლობაში დარწმუნება გახლდათ. ჩინეთის მიერ პოზიციის დაფიქსირების გარეშე კი აღნიშნული რთულ საკითხს წარმოადგენს.

მაგალითად, ბრაზილია სამიტს მხოლოდ დამკვირვებლის რანგში ესწრებოდა. სამიტის ბოლოს დამსწრე სახელმწიფოთა ერთობლივ კომუნიკეზე კი საკუთარი ხელმოწერები არ დაიტანეს ინდოეთმა, ინდონეზიამ, მექსიკამ, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკამ.

სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს, თუმცა ქმედითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. უკრაინას მხოლოდ რამდენიმე, აქამდე აქტიურმა დასავლურმა სახელმწიფომ აღუთქვა მხარდაჭერა.

რუსეთი სამიტს დამცინავად გამოეხმაურა. ქვეყნის უშიშროების საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მშვიდობის ფორუმის არცერთმა მონაწილემ არ იცის, რას აკეთებს იქ და რა არის მისი როლი.

სამიტის მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო პრაქტიკული საკითხების შესახებ კონსენსუსი მოითხოვა. ზელენსკიმ ბირთვული უსაფრთხოებისა და სურსათის მარაგების დაცვის საჭიროებაზე ისაუბრა.

სამიტის საბოლოო დეკლარაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და აზოვის ზღვის პორტებზე უკრაინის კონტროლის აღდგენას მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება უკრაინის მშვიდობის მომდევნო სამიტი და მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ჩინეთი, ან მოიწვევენ თუ არა რუსეთს. მომდევნო სამიტის მასპინძლობის სურვილი არცერთ მონაწილე სახელმწიფოს ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.