მაიკლ ბლუმბერგი სტუდენტებს $1 მილიარდით დაეხმარება

მაიკლ ბლუმბერგი სტუდენტებს $1 მილიარდით დაეხმარება

ნიუ-იორკის ყოფილი მერი და მილიარდერი ინვესტორი მაიკლ ბლუმბერგი „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს“ $1 მილიარდს გადასცემს. ბლუმბერგისგან მიღებული შემოწირულებით, უნივერსიტეტი, რომელიც ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო პროგრამებს აერთიანებს, სტუდენტების სწავლის გადასახადს დაფარავს.

ამერიკელი მილიარდერის დონაციით, სწავლა „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა უმრავლესობისთვის უფასო გახდება, გაიზრდება ფინანსური დახმარება მედდათა პროგრამისთვის, საჯარო ჯანდაცვისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.

ბლუმბერგის ქველმოქმედების შესახებ ცნობილი ორშაბათს, Bloomberg Philanthropies-ის ყოველწლიური ანგარიშიდან გახდა. ცნობისთვის, ამერიკელმა ინვესტორმა „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს“ 2018 წელს $1.8 მილიარდიც უსახსოვრა. ბლუმბერგის განცხადებით, დონაცია სასწავლო დაწესებულებას ტალანტების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვაში დაეხმარება.

„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ 4-წლიან პროგრამებზე სწავლების ერთი წლის საფასური დაახლოებით $65,000-ია. Washington Post-ის ინფორმაციით, ბლუმბერგის შემოწირულების ფარგლებში, სწავლის სრული დაფინანსება შეეხებათ სტუდენტებს ოჯახებიდან, რომლებიც წლიურად $300,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ხოლო სტუდენტებისთვის – წლიურად $175,000-ზე ნაკლები შემოსავლით – დაიფარება გადასახადები და ცხოვრების ხარჯებიც.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი $106 მილიარდს ფლობს, რაც მას მსოფლიოში მე-15 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.