ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის, ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის ქორწილმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. საქორწილო ცერემონია რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სტუმრებს შორის ისეთი ცნობილი სახეები იყვნენ, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბორის ჯონსონი და ტონი ბლერი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და შოუბიზნესის ცნობილი სახეები.
ქვეყნის უმსხვილესი კერძო კომპანიის, Reliance Industries-ის დამფუძნებელს ქორწილი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, თუ რა ჯდება სტანდარტული ქორწილის გადახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
ბუნებრივია, ქორწილის ღირებულება სტუმრების რაოდენობის, წვეულების გაფორმების, ადგილმდებარეობისა და სხვა კრიტერიუმების შესაბამისად განსხვავდება. ქორწილების ონლაინ დაგეგმვის ცნობილი ვებგვერდის, The Knot-ის თანახმად, 2023 წელს აშშ-ში ქორწილის გადახდა დაახლოებით $35,000 ჯდებოდა, ერთი სტუმრის მასპინძლობის ღირებულება კი საშუალოდ $300-ის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისათვის, გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში ქორწილის ღირებულება $28,500 იყო. ესპანეთში აღნიშნული მაჩვენებელი – $25,700-ს, იტალიაში – $23,900-ს, საფრანგეთში კი $21,800-ს შეადგენდა. ამ ქვეყნებში ერთი სტუმრის მასპინძლობის ღირებულება $210-220-ია, თუმცა ქორწილის ღირებულება სტუმრების რაოდენობის შესაბამისად განსხვავდება. აღნიშნული კი კონკრეტული ქვეყნის ტრადიციებსა და მიღებულ პრაქტიკებზეა დამოკიდებული.
ინდოეთში საშუალო ფენის წყვილს ქორწილი $25,000 უჯდება. თუმცა გამოკვლეულ 15 ქვეყანას შორის სტუმრების საშუალო რაოდენობით ინდოეთი პირველ ადგილს იკავებს. ინდური ქორწილი საშუალოდ 326 სტუმრისგან შედგება. ამერიკულ ქორწილში საშუალოდ – 146, ბრაზილიურში – 124, ხოლო ესპანურ ქორწილში 121 ადამიანს ეპატიჟებიან.
The Knot-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ყველაზე იაფი ქორწილის გადახდა კოლუმბიაში ჯდება ($5,250).
The Knot-მა აღნიშნული მონაცემები 15 ქვეყანაში 2023 წელს ჩატარებული 25,000 ქორწილის მიხედვით შეადგინა. მაჩვენებლებში სამკაულის, ნიშნობის ბეჭდისა და „თაფლობის თვის“ ხარჯები გათვალისწინებული არ არის.