ალბანეთმა EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

ალბანეთმა EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

დღეს ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი ნაწილი ოფიციალურად დაიწყო და 27 წევრისგან შემდგარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაერთიანებას კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა. დღევანდელი კონფერენცია ევროკავშირსა და ალბანეთს შორის მოლაპარაკებების რიგით მეორე ოფიციალური ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო გახდა.

ევროკავშირმა მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად უნდა დაადასტუროს, რომ ქვეყანა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებს. აღნიშნული საკითხების შესახებ მოლაპარაკებები გაწევრიანების პროცესის დასკვნით ეტაპამდე გაგრძელდება და ის საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი იქნება.

ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სექტემბრის ბოლოს გასცეს.

ცნობისთვის, აქამდე ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიან პროცესში ალბანეთს ჩრდილოეთ-მაკედონიასთან წყვილში განიხილავდნენ. თუმცა ამ უკანასკნელის ნაციონალისტური მთავრობის გავლენით, ჩრდილოეთ მაკედონია მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო პროცესებს ჩამორჩა. შესაბამისად, ამიერიდან ალბანეთის საკითხი დამოუკიდებლად განიხილება. მეტიც, ალბანეთი მონტენეგროსთან ერთად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

ევროკავშირმა ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე გახსნა. ალბანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ედი რამა ქვეყანას 2013 წლიდან მართავს. ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა დემონსტრანტები კი რამას გადადგომას მოითხოვენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ედი რამა ქვეყნის მართვის ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს, კრიტიკოსებს აჩუმებს და პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად სამსახურებრივ ძალაუფლებას ამეტებს.

ამასვე უკავშირებენ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სალი ბერიშას ცილისწამების ბრალდებით დაკავებასაც, რომელიც პრო-EU კონსერვატორული „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერია.