ფრანგული გამანადგურებელი Mirage-2000-ები უკრაინას აპრილში მიეწოდება

ფრანგული გამანადგურებელი Mirage-2000-ები უკრაინას აპრილში მიეწოდება

La Tribune-ის ინფორმაციით, ფრანგული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების, Dassault Mirage-2000-ების პირველი პარტია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს 2025 წლის აპრილში მიეწოდება.

Mirage-2000 ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, Dassault Aviation-ის მიერ წარმოებული მრავალფუნქციური, ერთძრავიანი გამანადგურებელია, რომელიც შეიარაღებაში 1978 წლიდან მიიღეს. მიუხედავად მისი სიძველისა, ის საბჭოთა საფრენ აპარატებთან შედარებით დიდი უპირატესობით გამოირჩევა, რაც ტექნოლოგიურ და საცეცხლე შესაძლებლობებში გამოიხატება.

უკრაინისათვის გადასაცემად დაგეგმილია Mirage-2000-5-ის ვარიანტის მიწოდება, რაც ელექტრონულ, სენსორულ და პილოტის კაბინის განახლებებს მოიცავს და ძველ ვერსიებთან შედარებით უფრო მრავალმხრივი საოპერაციო შესაძლებლობები აქვს. განახლებული რადარის გამოყენებით აღნიშნულ მოდელს ნებისმიერი სახის იერიშების მიტანა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ პილოტებს სამი ერთეული Mirage-2000-5 გადაეცემათ. მოგვიანებით კი დამატებით რაოდენობასაც მიიღებენ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრენ აპარატებთან ერთად უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ფრანგულ ამუნიციასაც მიიღებს და გამანადგურებლები SCALP-EG-ის ტიპის საკრუიზო რაკეტებითა და Hammer-ის ტიპის პლანირებადი საავიაციო ბომბებით იქნება აღჭურვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული სამხედრო ავია-ფლოტი უკვე ამერიკული F-16-ებისგანაც შედგება, რომლებიც ევროპულმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს. F-16-ები მეტწილად ომამდე არსებულ საბჭოთა MiG-29-ებსა და Su-27-ებს ანაცვლებენ. Mirage-2000-ებმა კი საკუთარი მრავალფუნქციური შესაძლებლობებით, შესაძლოა Su-24-ების ჩანაცვლებაც შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებში საკრუიზო რაკეტებით მხოლოდ აღნიშნული საბჭოთა ბომბდამშენი, Su-24-ია აღჭურვილი.