აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ისრაელისთვის დაახლოებით $4 მილიარდის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებას ხელი მოაწერა. რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ინაუგურაციის შემდეგ ისრაელისთვის $12 მილიარდამდე სამხედრო შესყიდვები დამტკიცებული აქვს და დასძინა, რომ „აშშ უზრუნველყოფს ყველანაირ ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ისრაელის უსაფრთხოებისა და დიდი ხნის ვალდებულებების შესასრულებლად“.
რუბიოს შეფასებით, სამხედრო დახმარების დაჩქარებას ამჟამად „გადაუდებელი ხასიათი“ აქვს ცეცხლის შეწყვეტის იმ არასტაბილური ხელშეკრულების გათვალისწინებით, რომელიც „ჰამასთან“ მოქმედებს. პენტაგონის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის დაახლოებით $3 მილიარდის სამხედრო შესყიდვა დაამტკიცა.
ადმინისტრაციამ იარაღის ისრაელისთვის შესაძლო მიყიდვის შესახებ კონგრესს უკვე აცნობა. ეს გვერდს აუვლის გრძელვადიან პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, პალატის საგარეო საქმეთა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს საშუალება აქვთ გადახედონ შესყიდვის გარიგებას და კონგრესისთვის ოფიციალური შეტყობინების გაგზავნამდე დამატებით ინფორმაციაც მოითხოვონ.
პარასკევის განცხადებები, ბოლო კვირების განმავლობაში მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ, ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის სწრაფად დამტკიცების მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო უფლებამოსილება, ისრაელისთვის კონგრესის განხილვის გარეშე იარაღის მიყიდვის დასამტკიცებლად, ბაიდენის ადმინისტრაციასაც გამოყენებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „ჰამასმა“ ღაზაში მყოფი 33 ისრაელელი მძევალი, ისრაელმა კი სანაცვლოდ დაახლოებით 2000 პალესტინელი ტყვე გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. მათ შორის გუშინ, ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეაჩერა, რასაც „ჰამასმა“ შანტაჟი უწოდა და შუამავლებს ჩარევისკენ მოუწოდა.