ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა

ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა

ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ანტისემიტიზმთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის თანახმად, აშშ-ის უძველეს და უმდიდრეს კოლეჯს აშშ-ის მთავრობამ $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა.

„ჰარვარდისთვის“ ფედერალური დახმარების გაყინვა უნივერსიტეტის მხრიდან თეთრი სახლის მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესრულებაზე უარს მოჰყვა. გასულ კვირას, უნივერსიტეტს მოთხოვნების სია წარედგინა, რომელიც სასწავლებლის მმართველობაში ცვლილებებსა და ზედამხედველობის გაძლიერებას ითვალისწინებდა. მთავრობის მოთხოვნებს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ალან გარბერის პასუხი მოჰყვა, რომ ის არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ უფლებებს.

გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ჰარვარდისთვის“ განკუთვნილი $9 მილიარდის ფედერალური გრანტებისა და კონტრაქტების გადამოწმება დაიწყო. მთავრობის განხორციელებული ქმედებები აშშ-ის კამპუსებში ანტისემიტიზმთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილად შეფასდა. „ჰარვარდი“, სტუდენტების პროპალესტინური პროტესტების გამო, თეთრი სახლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. დაფინანსების გაყინვამდე, „ჰარვარდმა“ ანტისემიტიზმთან საბრძოლველად ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია „ჰარვარდისგან“ სკოლის მმართველობის რეფორმას, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების შეჩერებას და თანამშრომელთა დაქირავებისას, მათი იდეოლოგიური შეხედულებების გათვალისწინებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, შედარებით მსუბუქი მოთხოვნები ტრამპის ადმინისტრაციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსაც წარუდგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, $400 მილიონის ფედერალური დაფინანსების გაყინვით დაემუქრა. დაფინანსების შესანარჩუნებლად კოლუმბიის უნივერსიტეტი კამპუსში ნიღბების აკრძალვასა და პოლიციის უფლებამოსილებების გაფართოებას დათანხმდა.