რა ვიცით ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ?

რა ვიცით ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ?

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპის მიერ საუბრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს „დაუყოვნებლივ“ დაიწყებენ.

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, თუმცა არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს მინიშნება ომის დასრულების რეალურ პროგრესზე არ გაუკეთებია.

„შეთანხმების შესახებ ორი მხარე მოილაპარაკებს (და ეს ასეც უნდა იყოს), რადგან მათ იციან მოლაპარაკების ისეთი დეტალები, რაზეც სხვებს ინფორმაცია ვერ ექნებათ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ზე.

სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა. „ჩვენ გვჭირდება, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტიანი გზები მშვიდობის მისაღწევად,“ – განმარტა პუტინმა.

დონალდ ტრამპი პუტინთან მიმართებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკაცრი რიტორიკით გამოირჩეოდა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებით იმუქრებოდა, იმ მიზეზით, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სატელეფონო საუბრისას ტრამპს პოზიტიური ტონი ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები უცნობია. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების პოტენციურ ადგილად ვატიკანი შესთავაზა და განმარტა, რომ ახალი პაპი აღნიშნულით დაინტერესდებოდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უკრაინულმა და რუსულმა დელეგაციებმა პირისპირ შეხვედრა სტამბოლში გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში რეალური წინსვლა არ ყოფილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა, თუმცა პუტინი სტამბოლში არ ჩავიდა.