ტრამპის თქმით, აშშ უკრაინაში უფრო მეტ შეიარაღებას გაგზავნის

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინაში უფრო მეტ შეიარაღებას გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადებით, ამერიკა უკრაინაში უფრო მეტ შეიარაღებას გაგზავნის, რათა ქვეყანამ რუსული თავდასხმებისაგან თავდაცვა უკეთ შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკეს როგორც დემოკრატმა პოლიტიკოსებმა, ისე ტრამპის გარემოცვის ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმაც.  დარგის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ამ  გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინა რუსული ავია- და სარაკეტო თავდასხმებისთვის მარტივი სამიზნე გახდებოდა. იარაღის მიწოდების შეჩერებიდან მალევე, მას შემდეგ, რაც უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისათვის განკუთვნილი რაკეტების არსენალი შეუმცირდა, რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე მსხვილი სარაკეტო იერიში მიიტანა.

„ჩვენ გავგზავნით უფრო მეტ იარაღს. ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ პენტაგონი უკრაინაში თავდაცვითი ტიპის შეიარაღებას გაგზავნის, რათა უკრაინელებმა მშვიდობის დამყარებამდე თავდაცვა შეძლონ. პენტაგონს დამატებითი ინფორმაცია შეიარაღების სპეციფიკის შესახებ არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ უკრაინა ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტებს მოითხოვდა. აღნიშნული გასულ პარასკევს თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა შეიარაღების ახალ პაკეტში აღნიშნული რაკეტები.

შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რაც საკმაოდ დადებითაც შეაფასა. მისი განმარტებით, დონალდ ტრამპთან უკრაინის ცის დაცვისათვის აუცილებელი ზომების მიღებაზე შეთანხმდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან ერთობლივი სამხედრო წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების საკითხებზეც ისაუბრა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.