პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ემზადება, თუკი მანამდე ისრაელი ღაზაში „მძიმე ვითარების“ გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.
დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის შემდეგ მეორე წამყვანი დასავლური სახელმწიფოა, რომელმაც პალესტინის აღიარებაზე ოფიციალურად მიანიშნა. შეგახსენებთ, გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გაეროს შემდგომ გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებდა და აღნიშნულისაკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ისრაელის მთავრობისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისაგან კრიტიკა მოჰყვა.
კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაეროს შემდგომი გენერალური ასამბლეისთვის იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ისრაელი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების გამარტივებასთან დაკავშირებით, ასევე არ შექმნის გარანტიას, რომ დასავლეთ სანაპიროს ანექსირება არ განხორციელდება და არ აიღებს ვალდებულებას გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესის მიმართ. მისი განმარტებით, სექტემბერში დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ გააანალიზებს, თუ რა ნაბიჯები გადადგეს მხარეებმა აღნიშნული პირობების შესასრულებლად და გადაწყვეტილებას ამაზე დაყრდნობით მიიღებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განმარტა, რომ ის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს და რომ ბრიტანეთის მოთხოვნები „ჰამასის“ მიმართ უცვლელი რჩება: გაათავისუფლონ მძევლები, ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დათანხმდნენ მოცემულობას, რომ ღაზის მთავრობაში ისინი არანაირ როლს არ ითამაშებენ და განიარაღდნენ.
აღსანიშნავია, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 144 აღიარებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წევრ ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დე ფაქტო აღიარების შესაძლებლობა 2012 წლის ნოემბერში მისცა.