აშშ ტარიფებისგან ყოველთვიურად $50 მილიარდის შემოსავალს მიიღებს

აშშ ტარიფებისგან ყოველთვიურად $50 მილიარდის შემოსავალს მიიღებს

აშშ-ის კომერციის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, შეერთებული შტატები ტარიფებით ყოვეთვიურად $50 მილიარდზე მეტს მიიღებს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული თვის $30-მილიარდიან პროგნოზთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია, რაც დონალდ ტრამპის საპასუხო ტარიფების ძალაში შესვლას უკავშირდება.

ჰოვარდ ლუტნიკმა ისიც აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ტარიფებით მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. „მოგვიანებით მივიღებთ ნახევარგამტარებს, ფარმაცევტულ პროდუქტებს და ყველა სხვა სახის ტარიფისგან მიღებულ შემოსავლებს“, – განაცხადა მან. ამაში კი ის ტარიფები იგულისხმება, რომლებიც ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში შემოღებული ტარიფების შედეგად, შეერთებული შტატების საიმპორტო გადასახადი საუკუნის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა. ქვეყნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ში პროდუქციის ექსპორტისთვის 10%-დან 50%-მდე ტარიფებით იბეგრებიან.

უკვე შემოღებულ ტარიფებთან დამატებით გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კიდევ ახალი სექტორული საიმპორტო გადასახადების გეგმა წარადგინა. მაგალითად, ნახევარგამტარებზე უახლოეს პერიოდში 100%-იანი ტარიფები ამოქმედდება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გარანტიებს არ გასცემენ, რომ მომავალში ჩიპებს ამერიკაში აწარმოებენ. გარდა ამისა, ფარმაცევტულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები დროთა განმავლობაში 250%-მდე გაიზრდება. აღნიშნულ სექტორულ ტარიფებზე დამატებითი დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, რაც აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი გამოძიებას დაასრულებს იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს მათ იმპორტირებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

ჰოვარდ ლუტნიკის განმარტებით, ჩიპების ტარიფებისგან გამონაკლისი იმ ქვეყნებზე იმოქმედებს, რომლებიც მომავალში აშშ-ში საწარმოებს ააშენებენ. ასეთ გამონაკლისად მიიჩნევა ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებაც, რომლის ფარგლებშიც ნახევარგამტარებზეც 15%-იანი ტარიფები იმოქმედებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.