აშშ და კატარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ და კატარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, კატარსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმების პროცედურა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული წერტილოვანი საჰაერო თავდასხმიდან ერთ კვირაში გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ისრაელის თავდასხმა დოჰაში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერზე მკაცრად დაიგმო კატარისა და მისი პარტნიორების მხრიდან. დოჰაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კატარი რეგიონში შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი და დასაყრდენია. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაც სწორედ კატარში მდებარეობს. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კატარი ეგვიპტესთან ერთად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორია. მხარეებს შორის შეხვედრებიც დოჰაში იმართება.

თელ-ავივიდან დოჰასკენ მიმავალ გზაზე მარკო რუბიომ კატარელ კოლეგას დაურეკა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიაციაში არაბული ქვეყნის როლს. „თუკი მსოფლიოში რომელიმე ქვეყანას შეუძლია მედიაციაში დახმარება, ეს კატარია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. „ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს კატართან. მეტიც, ჩვენ გვაქვს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი შეთანხმებაც, რომელზე მუშაობასაც მალე დავასრულებთ“, – განმარტა მარკო რუბიომ.

კატარმა დოჰაში ისრაელის თავდასხმას „ლაჩრული და მზაკვრული“ ქმედება უწოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ინციდენტის გამო ქვეყანა თავს არ შეიკავებს მედიატორის როლისგან ეგვიპტესა და აშშ-სთან ერთად. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმის განხორციელებამდე ის საქმის კურსში არ ჩააყენა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.