როგორ აპირებს დასავლეთი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას?

როგორ აპირებს დასავლეთი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას?

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემის გზებს ეძებს. უკრაინის თავდაცვისა და აღმშენებლობისათვის რუსული აქტივების გამოყენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული აქტივები გაიყინა, ომის დასრულების პერსპექტივა კი არ გამოიკვეთა.

ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების თავისუფლად გამოყენების საკითხს საერთაშორისო სამართლის ნორმები ართულებს, რომელთა თანახმად სუვერენული აქტივების სრულად კონფისკაცია ნებადართული არ არის. შესაბამისად, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ალტერნატიულ მეთოდებზე მსჯელობა დღემდე მიმდინარეობს.

ამ ფონზე, ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც, მისი თქმით, ევროკავშირის მთავრობებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ევროპულ ქვეყნებში არსებული $229 მილიარდის მოცულობის გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი, ამ აქტივებთან რეალურად შეხების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს, რამდენიმე სახელმწიფო გეგმის სამართლებრივი და ფისკალური რისკების შეფასებას ითხოვს. უფრო კონკრეტულად კი, მეტ სიცხადეს ითხოვს ბელგია, სადაც განთავსებულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი Euroclear-ი.

როგორ იმუშავებს გეგმა?

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, ზემოთ აღნიშნული Euroclear-ი რუსეთის ცენტრალური ბანკის ობლიგაციებს ინახავდა. ობლიგაციების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების გამო ობლიგაციების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთები Euroclear-ის ანგარიშებზე გაიყინა.

ევროკომისიის იდეა სწორედ ამ ნაშთის ევროკავშირში გადამისამართებაა. ამის სანაცვლოდ ევროკომისია Euroclear-ს იმავე ოდენობის ნულოვანი კუპონის მქონე ობლიგაციებს გამოუყოფს. ევროკავშირი კი, თავის მხრივ, არსებულ ნაღდი ფულის ნაშთს „რეპატრიაციის სესხის“ შექმნისათვის გამოიყენებს. აღნიშნულ ვალს უკრაინა იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთისგან რეპატრიაციას მიიღებს. ამ გეგმით უკრაინას საშუალება ეძლევა, ფული დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მოსკოვის მხრიდან გადახდის მოლოდინის ნაცვლად.

რა მოცულობის აქტივებია ხელმისაწვდომი?

მსოფლიო მასშტაბით გაყინული რუსული აქტივების მოცულობა $300 მილიარდს შეადგენს. აქედან $229 მილიარდი ევროპაშია განთავსებული, Euroclear-ში კი $217 მილიარდი ინახება. შარშან გაფორმებული შეთანხმებით, აქედან $50 მილიარდს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები უკრაინას სესხის სახით გამოუყოფენ. შესაბამისად, დამატებით $167 მილიარდის უკრაინისათვის გადაცემის პერსპექტივა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის გეგმას სახელმწიფოები მხარს დაუჭერენ.

ევროკომისიის განმარტებით, მომდევნო სესხის მოცულობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის 2026-2027 წლების ფინანსურ საჭიროებებს შეაფასებს.

როგორ შეიძლება აღნიშნული გეგმის განხორციელება აქტივების კონფისკაციის გარეშე?

რუსული აქტივების კონფისკაციის თავიდან ასარიდებლად, Euroclear-ისგან ნაღდი ფულის ნაშთის გადარიცხვა ახლად შექმნილ ფინანსურ სუბიექტში, SPV-ში იგეგმება, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში იქნება. სანაცვლოდ კი, როგორც აღვნიშნეთ, ევროკომისია Euroclear-ს ნულოვანი კუპონის მქონე ობლიგაციებს მიაწვდის, რისი გარანტორებიც SPV-ის მფლობელები იქნებიან. ევროკომისიის განმარტებით, ამ ქმედებით ევროკავშირი Euroclear-ს ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს აარიდებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რისკებს წევრი სახელმწიფოები კოლექტიურად გაიზიარებენ. უფრო კონკრეტულად, დაგეგმილია, რომ ახლად შექმნილი ფინანსური სუბიექტის მფლობელთა სიას ყველა წევრი სახელმწიფო შეუერთდება, გარანტიები კი მათი ეკონომიკების პროპორციულად გამოიყოფა.

ევროკომისიის გეგმას გამოეხმაურა კრემლი და აღნიშნა, რომ შეთავაზება რუსული აქტივების უკანონოდ დაუფლებას გულისხმობს და მას საპასუხო ზომები აუცილებლად მოჰყვება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.