„ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას დათანხმდა და ღაზაში შეთანხმების მისაღწევად ემზადება

„ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას დათანხმდა და ღაზაში შეთანხმების მისაღწევად ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჰამასი“ და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის და მოგვიანებით სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. ტრამპის ინფორმაციით, „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებასაც დათანხმდა და ისრაელთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ემზადება.

ამ მიზნით „ჰამასის“ წარმომადგენლები ეგვიპტეში იმყოფებიან და კონსულტაციებს მართავენ. ეგვიპტეში, საზღვაო კურორტ შარმ-ელ-შეიხში გაემგზავრებიან ისრაელის დელეგაციის წევრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არ შეუერთდება ისრაელის მთავარი მომლაპარაკებელი, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი. „ჰამასის“ მხრიდან მოლაპარაკებებს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ხალილ ალ-ჰაია გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი გასულ თვეს კატარში, დოჰაში ისრაელის სარაკეტო წერტილოვან თავდასხმას გადაურჩა.

„მალე გვეცოდინება, „ჰამასი“ სერიოზულად არის განწყობილი თუ არა. ამას ტექნიკურ მოლაპარაკებებზე ლოგისტიკურ საკითხებზე შეთანხმებით გავიგებთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმ მოსაზრების საპასუხოდ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია შესაძლოა დროის მოგებას ცდილობდეს.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ პირველი ფაზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. მე ყველასგან ვითხოვ, რომ პროცესები დააჩქარონ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელმაც პროცესის მიმართ ოპტიმიზმი გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ახალი გეგმის პირველი ფაზა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში 48 მძევალი იმყოფება, რომელთაგან 20 კვლავ ცოცხალია.

დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ 20-პუნქტიან გეგმას, რომელიც მძევლების გათავისუფლებასა და ტერიტორიის მომავლის განსაზღვრას ეხება, მხარეები სრულად არ იზიარებენ. მიუხედავად მძევლების გათავისუფლებაზე თანხმობია, „ჰამასი“ ორგანიზაციის განიარაღების მოთხოვნას არ ემხრობა. შესაბამისად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ სადავო საკითხებზე შეთანხმებისთვის გაიმართება.

მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებენ შეერთებული შტატები, კატარი და ეგვიპტე.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.