საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ახალი მთავრობის დაკომპლექტებიდან 12 საათში გადადგა. ამან საფრანგეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ კრიტიკა კი გაიზარდა.
შეგახსენებთ, სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ემანუელ მაკრონმა ერთი თვის წინ წარადგინა. მან თანამდებობა საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წარდგენიდან რამდენიმე საათში დატოვა. შესაბამისად, პრემიერის გადადგომასთან ერთად დაიშალა საფრანგეთის მთავრობაც.
ამ გადაწყვეტილებით სებასტიან ლეკორნუ გახდა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მცირე ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი. აქამდე აღნიშნული სტატუსი მიშელ ბარნიეს ეკუთნოდა, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2024 წლის ბოლოს მხოლოდ სამი თვით იყო.
39 წლის ლეკორნუ ემანუელ მაკრონის რიგით მეხუთე პრემიერია. მას „მემკვიდრეობით“ საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა ეკონომიკური პრობლემები ერგო, რისი გადაჭრის ამბიციური გეგმაც ჰქონდა. თუმცა გაურკვეველი მიზეზით, თანამდებობა ერთ თვეში დატოვა.
ფინანსურ ბაზრებს აღნიშნულ ინფორმაციაზე უარყოფითი რეფლექსია ჰქონდათ. გაჩნდა მოსაზრება, რომ მილიარდობით ევროს მოცულობის საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობა საფრანგეთის ხელისუფლებას არ გააჩნია, რისი მიზეზიც რეფორმებზე შეუთანხმებლობაა. ლეკორნუს გადადგომის შემდეგ საფრანგეთის საფონდო ინდექსი 3%-ით დაეცა. აღნიშნულმა მოვლენამ უარყოფითი გავლენა იქონია ევროს გაცვლით კურსზეც, რომელიც დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა.