მასკი Twitter-ის ყოფილ აღმასრულებლებს $128 მილიონის კომპენსაციას გადაუხდის

მასკი Twitter-ის ყოფილ აღმასრულებლებს $128 მილიონის კომპენსაციას გადაუხდის

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, Twitter-ის ყოფილი აღმასრულებლებისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ისინი კომპანიის რესტრუქტურიზაციისას გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით $128 მილიონს ითხოვდნენ. შეგახსენებთ, Twitter-ის შეძენის შემდეგ ამერიკელმა ბიზნესმენმა კომპანიაში ფართო რესტრუქტურიზაცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სამსახურიდან ათასობით კადრი გაათავისუფლა.

უფრო კონკრეტულად, მასკის გარიგება Twitter-ის ოთხი ყოფილი აღმასრულებლისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. სარჩელი 2024 წელს აშშ-ის კალიფორნიის ჩრდილოეთ საოლქო სასამართლოში Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა, ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა, მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა ვიაია გადიმ და მთავარმა კონსულმა შონ ეჯეტმა შეიტანეს. მათი მტკიცებით, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება განგებ დახურა ნაადრევად, რათა აღნიშნული პირებისათვის მომდევნოს დღეს დაგეგმილი სააქციო სარგებლის გაცემისაგან თავი აერიდებინა.

Business Insider-ის ინფორმაციით, სოცმედიის პლატფორმის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს – $38.7 მილიონი, ფინანსურ დირექტორს – $25.4 მილიონი, მთავარ იურიდიულ ოფიცერს კი $12.5 მილიონის ღირებულების კომპანიის აქციების ოფციონები უნდა მიეღოთ.

ილონ მასკის მიერ კომპენსაციის გადახდის პირობებზე ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პირობები დროულად არ შესრულდება, 31 ოქტომბრის შემდეგ სარჩელის განხილვა კვლავ გაგრძელდება.

2022 წელს ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის შემდეგ, ამერიკელმა მილიარდერმა სამსახურიდან თანამშრომლების 80%, თითქმის 6,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათგან რამდენიმე ათასმა მასკს გათავისუფლებისა და კომპენსაციაზე უარის თქმისთვის სასამართლოში უჩივლა. ამის გამო X-ს მათი უმრავლესობისათვის კომპენსაციების გადახდა მოუწია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.