აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამენ. საქმეს, რომელსაც აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს, გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალაუფლების საზღვრებისთვის მნიშვნელოვან გამოცდას წარმოადგენს.
გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, კონსერვატორმა და ლიბერალმა მოსამართლეებმა თანაბრად კრიტიკული კითხვები დაუსვეს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელ იურისტს. კრიტიკული კითხვები ძირითადად 1977 წლის კანონს შეეხებოდა, რომელიც ეროვნული საგანგებო ვითარების დროს გამოსაყენებლად შეიქმნა. მოსამართლეებს აინტერესებდათ, თუ რამდენად აძლევდა აღნიშნული კანონი ტრამპს უფლებამოსილებას, დაეწესებინა ტარიფები. გარდა ამისა, ჩაერია თუ არა მოქმედი პრეზიდენტი კონგრესის უფლებამოსილებაში.
მიუხედავად ამისა, გუშინდელ სხდომაზე ზოგიერთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის თანდაყოლილი უფლებამოსილება აქვს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქმის შინაარსთან დაკავშირებით შესაძლოა მკვეთრად განსხვავებულ პოზიციებზე აღმოჩნდნენ და მათი ხმები საბოლოო გადაწყვეტილებაზე გაიყოს. შეგახსენებთ, რომ საქმის მოსამართლეთა კოლეგიაში 6 კონსერვატორი და 3 ლიბერალი მოსამართლე იმყოფება.
მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მალევე თითქმის მთელ მსოფლიოს სავაჭრო ტარიფები დაუწესა. ტრამპის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ის უთანასწორო პირობები იყო, რაშიც ამერიკული კომპანიები იმყოფებოდნენ. საყოველთაო ტარიფების დაწესების შემდეგ კი კონკრეტულ სახელმწიფოებთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაიწყო, რისი მიზანიც ტარიფების მოცულობის დარეგულირება გახლავთ.
ტრამპის გადაწყვეტილება მალევე გასაჩივრდა ეროვნულ დონეზე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში.















