ყველაზე მოგებიანი ღვინის მწარმოებლები

ყველაზე მოგებიანი ღვინის მწარმოებლები
ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო საქონელია. მაგალითად, 2023 წელს 276 მლნ ლარის ღირებულების, 94.7 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია. ამასთან, მეღვინეობა-მევენახეობა ეკონომიკის ის დარგია, რომელიც ფართო სამთავრობო სუბსიდიებით სარგებლობს.
ამდენად, წარმოგიდგენთ საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიების რეიტინგს, რომელიც მომზადებულია 2023 წლის მოგების მარჟის (დაბეგვრამდე მოგების ფარდობა შემოსავლებთან) მიხედვით: 

1.  კახური ღვინის მარანი

შპს კახური ღვინის მარანი 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის ნაწილი ადგილობრივი მოხმარებაა, ხოლო ნაწილი – საექსპორტო საქონელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნუგზარ ქევხიშვილია. 

2. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ

კომპანიის ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოება, შესყიდვა და რეალიზებაა.  შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ 2003 წლიდან არის რეგისტირებული, რომელსაც სრულად ფლობს თურქეთის მოქალაქე სერგეი კრივოშეევი. კომპანიის დირექტორი კი ნინო ხაზიურია. 

3. ყვარლის სარდაფი

შპს ყვარლის სარდაფი 2008 წელს 8 აგვისტოს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50-50%-იან წილებს ონისე ღვალაძე და ნინო ბარათაშვილი ფლობენ.  კომპანიისთვის ღვინის საექსპორტო ბაზარი რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ჩინეთი, ისრაელი, ყაზახეთი და პოლონეთია. 

4. წინანდლის ძველი მარანი

წინანდლის ძველი მარანი 2000 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. კომპანიის წარმოებული პროდუქციის ბაზარი – საქართველო, რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნებია. შპს „წინანდლის ძველი მარანის“ 100%-იანი წილის მფლობელი  ნანი მენაბდიშვილია, დირექტორი კი – შალვა ახობაძე.

5. შალვინო

შპს შალვინო 2008 წელს დაფუძნებული კომპანიია, რომლის მფლობელები შალვა (60%) და ლევან (40%) გვარამაძეები არიან. კომპანია აწარმოებს ყურძნის ღვინოებს და მათ რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ახდენს.  „შალვინო“ საქმიანობას ახორციელებდა საბიუჯეტო თანადაფინანსებით. 

6. ბადაგონი

სს ბადაგონი 2003 წლიდან არსებობს, რომლის ერთადერთი აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სალაყაიაა. კომპანიის დირექტორის პოზიციას კი მარინა გიორგაძე იკავებს.  ბადაგონის ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოება და რეალიზებაა, რომელსაც ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ახორციელებს. 

7. ელავის ღვინის მარანი

სს თელავის ღვინის მარანი 1996 წელს დაფუძნებული კომერციული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი აქციონერები ზურაბ რამაზაშვილი (49.99%) და კახა ზუკაკიშვილია (49.99%). კომპანიის  საქმიანობაა ღვინის წარმოება და რეალიზება ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე.

8. კორპორაცია ქინძმარაული

კომპანიის ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოებაა, რომელსაც 1996 წლიდან ახორციელებს. ქინძმარაულს აქვს საკუთარი ვენახები და ღვინის ქარხანა ყვარელში. სს კორპორაცია ქინძმარაულის მსხვილი აქციონერები თამაზ კონჭოშვილი (63.94%) და ეკატერინე ამირანაშვილია (23.94%). 

9. ასკანელი ძმები

შპს ასკანელი ძმები 1998 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც გოჩა ჩხაიძე ფლობს, ხოლო დირექტორის პოზიციას ირაკლი უგულავა იკავებს. კომპანიის საქმიანობაა ღვინომასალებისა და სპირტის წარმოება და რეალიზაცია. რეალიზაციიდან შემოსავლების 90% ექსპორტს უკავია, რომლის ძირითადი წილი რუსულ ბაზარზე მოდის. 

10. კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა 1996 წელს დაფუძნებული ორგანიზაციია, რომელსაც მშობელი კომპანიის საშუალებით ზაალ დუგლაძე (34%), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%) ფლობენ. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყურძნისგან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა. 


მეთოდოლოგია

ღვინის მწარმოებელი კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე. კომპანიის რეგისტრაციისა და მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან (21.11.2025 მდგომარეობით ხელმისაწვდომი). რეიტინგის მომზადება ეფუძნება I, II და III კატეგორიის საწარმოებს, რომელთა აქტივების ღირებულება 10 მლნ ლარს აღემატება 2023 წლის მდგომარეობით.  

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი