ფარცხალაძესთან დაკავშირებული ქოლცენტრების საქმეზე 10 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფარცხალაძესთან დაკავშირებული ქოლცენტრების საქმეზე 10 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფოტო: metronome.ge

 

ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, 10 პირის, მათ შორის „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ქოლცენტრების მასშტაბური საქმე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს უკავშირდება.

პროკურატურის მიერ დაწყებული სამართლებრივი დევნის ფარგლებში, დაუსწრებლად ბრალი წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხაძეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს კი ბრალდება პირადად გაეცნობა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, „ამავე [ქოლცენტრების] სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, ელისო კილაძე“.

სადრაძის ინფორმაციით, „ფინანსურ პოლიციასთან“ ერთად ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ „2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის დაახლოებით $9.5 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტას“. გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივად მითვისებული თანხა შემდგომში უკვე „დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე“.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე, რომელთაც არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ტრანსნაციონალური დანაშაულებების გახსნას ხელი შეუწყეს.

ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, 2020-2023 წლებში ფარცხალაძის მფარველობით „ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა“. მათ შორის, უწყების ცნობით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლცენტრების გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, ხოლო გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით დანაშაულებრივ საქმიანობას მფარველობას უწევდნენ. ეს უკანასკნელი სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას გულისხმობდა.

რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძეს, პროკურორ სადრაძის განცხადებით, კილაძე საქმეში ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში ერთვებოდა და „სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა“.

„ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ“, — განაცხადა სადრაძემ.

საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების: ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძე და მიქაძეები „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის არიან პასუხისგებაში მიცემულები. მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს, მათგან გიორგი მიქაძე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზეც პროკურორმა სადრაძემ განაცხადა, 2020-2023 წლებში არსებული ქოლცენტრების „დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ“.

აშშ-ის მიერ FSB-სთან კავშირის გამო სანქცირებულ ფარცხალაძეს დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე.