ტრამპმა მოკავშირეები ჰორმუზის გასათავისუფლებლად დახმარებაზე უარის გამო გააკრიტიკა

ტრამპმა მოკავშირეები ჰორმუზის გასათავისუფლებლად დახმარებაზე უარის გამო გააკრიტიკა

ირანმა არაბეთის ყურის ქვეყნებზე დრონებით თავდასხმები განაახლა. ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ინფორმირებული იყო, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, გუშაგთა კორპუსი არაბულ ქვეყნებზე იერიშს მიიტანდა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე თავდასხმის ახალი ტალღა დაიწყეს, ირანმა კი საპასუხოდ ნავთობის ტრანზიტისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და რეგიონის სახელმწიფოებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ორივე მხარის საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში, 2,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღემდე ჩაკეტილია ჰორმუზის სრუტეც, სადაც ასობით ნავთობტანკერი გადაადგილებას და, შესაბამისად ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანას ვერ ახერხებს.

დონალდ ტრამპმა დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად დახმარება სთხოვა და საერთო საზღვაო კოალიციის ჩამოყალიბების იდეა გააჟღერა. აღნიშნულის მიზანი კი ჰორმუზის სრუტეში ამერიკული და სხვა ქვეყნების სამხედრო გემებით არსებული ტანკერების გაცილება იქნებოდა. თუმცა ინიციატივაზე ტრამპს მოკავშირეებმა უარი უთხრეს, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა ისინი გააკრიტიკა.

„ზოგიერთი ამასთან [კოალიციის შექმნა] დაკავშირებით ენთუზიაზმითაა განწყობილი, ზოგი კი არა. ზოგიერთი მათგანი ქვეყანაა, რომელსაც ბევრი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით, ვიცავდით გარე საფრთხეებისგან, თუმცა მათ ენთუზიაზმი არ გამოხატეს. ჩემთვის კი ენთუზიაზმის დონე ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისათვის, აშშ-ის მტკიცე პარტნიორებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ ღიად დააფიქსირეს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნა მათ დღის წესრიგში არ დგას.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.