ფოტო: Polaris/Eyevine
The Washington Post-ის ინფორმაციით, ირანში ომის გაგრძელების დასაფინანსებლად, პენტაგონმა თეთრ სახლს კონგრესისგან $200 მილიარდზე მეტის მობილიზაცია სთხოვა. გამოცემის თანახმად, ზოგიერთ მაღალჩინოსანს არ სჯერა, რომ ომის დეპარტამენტის მოთხოვნას ამ მოცულობის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით კონგრესში მწვანე შუქს აუნთებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, კონგრესში აღნიშნული მოთხოვნა აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს და თავდაცვის დეპარტამენტსა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს საკმაოდ დიდი ბიუჯეტის მოსაპოვებლად შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენა მოუწევთ.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად ირანში სამხედრო კამპანია 28 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის სამხედრო ზომები ჯერჯერობით ირანზე საჰაერო თავდასხმებით შემოიფარგლება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან მიმართებით ესკალაციის სხვადასხვა სცენარს განიხილავს, მათ შორის გარკვეული ოდენობის სამხედრო კონტინგენტის განთავსებასაც.
უფრო კონკრეტულად, სპეკულაციები არსებობს ირანის ენერგოინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი ხარგის კუნძულის დაკავებაზე ან ირანში დაბომბილი ბირთვული ობიექტის ქვეშ მოყოლილი 440 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანის სამხედრო სპეცოპერაციით მოპოვებაზე.
გასულ კვირას Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სენატისთვის დახურულ სხდომაზე წარდგენილი მოხსენების თანახმად, აშშ-ს ომის პირველი ექვსი დღე $11.3 მილიარდი დაუჯდა.
ომის ფინანსური საკითხის გარდა, აშშ-ის კონგრესმენები ღიად გამოხატავენ წუხილს იმის თაობაზეც, რომ ისედაც შესუსტებული მიწოდების ფონზე, აშშ-ის ამუნიციის მარაგები ირანში ომის გამო მნიშვნელოვნად მცირდება.
















