ფოტო: Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ უქმეებზე სამუშაო ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა. ზელენსკიმ სამ არაბულ სახელმწიფოსთან თავდაცვის სფეროში პარტნიორობის 10-წლიანი შეთანხმებები გააფორმა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა არაბულ სახელმწიფოებს საკუთარი საჰაერო თავდაცვის სრულ სისტემებს გადასცემს.
საუდის არაბეთთან, კატართან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და იორდანიასთან გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა აღნიშნულ სახელმწიფოებს საზღვაო დრონებს, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და ირანული დრონების გადამჭერ ტექნოლოგიას მიაწვდის.
„არა მხოლოდ გადამჭერები, არამედ თავდაცვის ხაზები, პროგრამული უზრუნველყოფა, ბრძოლის ელექტრონული სისტემები და ა.შ. სხვა სიტყვებით, ჩვენ სისტემურ მიდგომას ვირჩევთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, უკრაინის გზაგადამჭრელ კამიკაძე დრონებთან ერთად, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სისტემას წარმოადგენს საზღვაო დრონებიც. Magura-V5-ტიპის უკრაინული საზღვაო დრონის ეფექტიანობა რუსული ფლოტის წინააღმდეგ შავ ზღვაში არაერთხელ დადასტურდა.
გარდა ამისა, საუბარია უკრაინის მხრიდან დრონების გამოყენებით საზღვაო ბლოკადის წარმატებით გარღვევის გამოცდილების გაზიარებაზეც.
თუმცა საინტერესოა, რას მიიღებს უკრაინა აღნიშნული პარტნიორობისგან. უკრაინისათვის არაბული სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი არაბეთის ყურის ქვეყნები საკუთარი შეიარაღების ექსპორტის გლობალურ მასშტაბზე გატანის კარგი შესაძლებლობაა.
გარდა შეიარაღების საექსპორტო შესაძლებლობისა, უკრაინისათვის მნიშვნელოვანია რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ამერიკული გზაგადამჭრელი ტექნოლოგიის მიღებაც. კერძოდ კი PAC-3-ტიპის რაკეტა, რომელიც თვეში მხოლოდ 60 იწარმოება და მისი დიდი ნაწილი სწორედ ახლოაღმოსავლური მყიდველებისთვისაა განკუთვნილი. ზელენსკიმ განმარტა, რომ მისი ვიზიტისას აღნიშნული საკითხი განიხილეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია. შესაძლოა საუბარი იყოს არაბული სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტების უკრაინისათვის გადაცემაზეც.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პარტნიორობა ენერგოუსაფრთხოებისა და საწვავის მარაგების მისაღებად, ასევე შეიარაღების ერთობლივად წარმოების მიმართულებით შეთანხმებებსაც მოიცავს.
პარტნიორობა შეეხება უკრაინისათვის დიზელის ტიპის საწვავის გადაცემასაც, რაც ომის პირობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს.
არაბულ სახელმწიფოებში უკვე გაგზავნილია 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი, რათა პარტნიორ ქვეყნებს დრონების წინააღმდეგ უკრაინული გამოცდილება გაუზიარონ.
გზაგადამჭრელი დრონების ტექნოლოგია სამხედრო საქმეში სიახლეს წარმოადგენს და მისი ეფექტიანობა უკრაინაში მიმდინარე ომში უკვე რამდენიმე წელია, იტესტება. ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების გასანეიტრალებლად რამდენიმემილიონიანი რაკეტების გამოყენების სიხშირემ რეგიონის სახელმწიფოებს უფრო დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგა. მაღალტექნოლოგიური გზაგადამჭრელი დასავლური რაკეტების გამოყენება ამოწურვადი რესურსია და ფინანსური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, შესაძლოა დეფიციტური აღმოჩნდეს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოები აღნიშნული პრობლემის წინაშე უკვე დგანან.
უკრაინული Wild Hornets-ის გზაგადამჭრელი კამიკაძე დრონი STING-ი Patriot-ებისა და Himars-ების ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მრავალმილიონიანი გზაგადამჭრელი რაკეტების იაფი ალტერნატივაა.
STING-ის ფრენის სიჩქარე საათში 280 კილომეტრია, ფრენის მანძილი კი – 37 კილომეტრი. დრონი აღჭურვილია 360-გრადუსიანი გადამცემი ანტენით, რომლითაც მოწყობილობა დისტანციურად იმართება. დრონის დანიშნულება მოძრავ საჰაერო სამიზნესთან დაჯახება და ასაფეთქებელი მასალით დატვირთული თავაკის დეტონაციაა.
2025 წლის ივნისში დრონების წარმოების დაწყებიდან დღემდე, STING-მა 3,000-ზე მეტი რუსული Shahed-ების განეიტრალება შეძლო. დრონების წარმოების ყოველთვიური სიმძლავრე 10,000 ერთეულია.
ერთი ერთეული STING-ის ღირებულება $2000-ია, რაც არათუ მრავალმილიონიან გზაგადამჭრელ რაკეტასთან შედარებით, არამედ $20,000-$50,000-იან Shahed-თან შედარებითაც დაბალბიუჯეტური ალტერნატივაა.
















