ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც ფულად გზავნილებზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც ფულად გზავნილებზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

Photo by Vardan Papikyan on Unsplash

მთელი რიგი ეკონომიკებისათვის ფულადი გზავნილები არა მხოლოდ დახმარებას წარმოადგენს, არამედ ეროვნული შემოსავლების მთავარი საყრდენია. ემიგრანტების ფულადი დახმარება მსოფლიოს საზოგადოებების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბუნებრივია, ფულადი გზავნილების როგორც წილი ეკონომიკაში, ისე მოცულობა განსაკუთრებით მაღალია ღარიბ სახელმწიფოებში.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც ფულად გზავნილებზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. რეიტინგი დაფუძნებულია მსოფლიო ბანკის მონაცემებზე და ასახავს 2024 წლის მონაცემებით, 194 სახელმწიფოში ფულადი გზავნილების წილს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მსოფლიო ბანკის მონაცემებში არ შედის სინგაპურისა და ირანის შესახებ ინფორმაცია. სინგაპურის შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ აქ ფულადი გზავნილების წილი 0%-ს უტოლდება, ირანი კი მსოფლიო ბანკს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას 2004 წლის შემდეგ აღარ უზიარებს, როდესაც მშპ-ში მათი წილი 0.55%-ს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებლის გლობალური საშუალო მხოლოდ 0.82%-ს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მიგრაციაზე დამოკიდებული ღარიბი სახელმწიფოებისათვის ხშირად ეს მაჩვენებელი 10%-ს ბევრად აღემატება.

ფულად გზავნილებზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების რეიტინგში  ტაჯიკეთი ლიდერობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ტაჯიკეთის მშპ-ის 47.9%-ს სწორედ ფულადი გზავნილები შეადგენდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მცხოვრებთა ნახევრისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ემიგრანტებისაგან მიღებული ფულადი გზავნილები იყო.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო, წარსულში ძლიერი ეკონომიკის მქონე ლიბანია. ლიბანი, რომელსაც მუდმივი შეიარაღებული კონფლიქტების, კორუფციის მაღალი დონისა და არაეფექტიანი მმართველობის გამო სხვაგვარად „არშემდგარ სახელმწიფოსაც“ უწოდებენ, მოსახლეობასთან მიმართებით მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი დიასპორა ჰყავს. ფულადი გზავნილების წილი ლიბანის ეკონომიკაში 2024 წელს 33.35%-ით განისაზღვრა.

რეიტინგში მესამე პოზიციას სამხრეთამერიკული ნიკარაგუა იკავებს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის მეოთხედზე მეტი (26.64%) სწორედ ფულადი გზავნილებისგან შედგება. მსგავსი მდგომარეობაა ნეპალში (26.23%), ჰონდურასში (25.70%), ბერმუდაში (25.41%), სამოასა (24.01%) და ელ-სალვადორში (24.00%). ათეულში შედიან გამბია (22.00%) და ლიბერიაც (21.28%).

საინტერესოა, რა მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მიღებული ფულადი გზავნილების წილი მშპ-სთან მიმართებით 11.87%-ს შეადგენდა, რაც ჩვენს ქვეყანას ამ რეიტინგში 21-ე პოზიციაზე ახვედრებს. შედარებისათვის იგივე მაჩვენებელი სომხეთში 4.92%-ს, აზერბაიჯანში კი 1.82%-ს შეადგენს.

რეიტინგიქვეყანაფულადი გზავნილების წილი მშპ-ში (2024)
1ტაჯიკეთი47.89%
2ლიბანი33.35%
3ნიკარაგუა26.64%
4ნეპალი26.23%
5ჰონდურასი25.70%
6ბერმუდა25.41%
7სამოა24.01%
8ელ-სალვადორი24.00%
9გამბია22.00%
10ლიბერია21.28%
21საქართველო11.87%

გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით ფულადი გზავნილების სტაბილურობისა, აღნიშნული შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის მაინც მოწყვლადია ემიგრანტების მასპინძელი სახელმწიფოების შრომის ბაზრის, საიმიგრაციო პოლიტიკისა და გადაადგილების ხარჯების მიმართ.

საინტერესოა, რომ სახელმწიფოთა ნაწილი, რომლებიც საკმაოდ მსხვილ ფულად გზავნილებს იღებენ, აღნიშნულ რეიტინგში არ ხვდებიან. მაგალითად, ინდოეთი ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზეა, თუმცა შემოსავლის ამ წყაროს მშპ-სთან მიმართება მხოლოდ 3.5%-ია. იგივე მდგომარეობაა მექსიკისა (3.6%) და ფილიპინებისთვისაც (8.7%). ეს იმის დამსახურებაა, რომ ძირითად შემთხვევაში, დიდ ეკონომიკებს საკუთარი შემოსავლის წყაროები მკვეთრად დივერსიფიცირებული აქვს, რაც საბოლოო ჯამში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებას ამცირებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ძირითად შემთხვევაში ფულადი გზავნილების მიღება საკმაოდ დიდ ტრანზაქციულ დანახარჯებთანაც ასოცირდება. შედეგად კი ოჯახები ნაკლულ ფულად გზავნილებს იღებენ. აღნიშნული ტრანზაქციული დანახარჯების შემცირება კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.