რუსეთი უცხო ქვეყნის დიპლომატებს კიევიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს

რუსეთი უცხო ქვეყნის დიპლომატებს კიევიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ფოტო: Sergei Bobylev / Sputnik, Kremlin Pool via AP

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მყოფ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს ნოტა გაუგზავნა და კიევიდან პერსონალის დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. მოსკოვის გაფრთხილებით, უკრაინის ნებისმიერ მცდელობას, ჩაშალოს „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებული 9 მაისის აღლუმი, კრემლისგან მასშტაბური სამხედრო პასუხი მოჰყვება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უცხო ქვეყნების დიპლომატებს მოუწოდა, გაითვალისწინონ თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გაჟღერებული გაფრთხილება. ზახაროვას თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მასშტაბური საპასუხო დარტყმა გარდაუვალი იქნება, თუ უკრაინა წითელ მოედანზე გასამართ სამხედრო აღლუმსა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე თავდასხმას შეეცდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებასა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობას, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის, ასევე მოქალაქეების, წინასწარი ევაკუაცია კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, გარდაუვალი საპასუხო დარტყმის საფრთხის გათვალისწინებით“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული მხარის მტკიცებით, სომხეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის მისამართით, მათ შორის 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, „აგრესიული და მუქარის შემცველი“ განცხადებები გააკეთა. ზახაროვას თქმით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნიც ესწრებოდნენ, თუმცა არცერთ მათგანს არ გაუკიცხავს „კიევის რეჟიმის ლიდერი“ მსგავსი სახის განცხადებების გამო.

თავის მხრივ, ერევანში სამიტის დამსწრეებისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ ყურადღება რუსეთის მხრიდან წითელ მოედანზე დაგეგმილი აღლუმის მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირებაზე გაამახვილა და ის ფაქტიც აღნიშნა, რომ მოსკოვმა უსაფრთხოების მოტივით სამხედრო ტექნიკის გამოყვანაზე უარი თქვა.

„თუ სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას ვერ მოახერხებენ. მათ ეშინიათ, რომ წითელი მოედნის თავზე შესაძლოა დრონებმა გადაიფრინონ. ეს ყველაფერზე მეტყველებს“, — განაცხადა ზელენსკიმ EPC-ის რიგით მერვე სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.