ფოტო: APA
ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა, სადაც პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიას უმრავლესობა აქვს, პალატაში სიტყვით გამოსვლისას რუსული ენის გამოყენება აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პრორუსული და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ახალი საპროცედურო წესების თანახმად, მიმართვების დროს ვადიანი შეზღუდვები დაწესდა და ასევე პალატის სამუშაო ენად რუმინული გამოცხადდა. აქამდე რუსული კლასიფიცირებული იყო, როგორც „ეთნიკურ ჯგუფებს შორის“ საკომუნიკაციო ენა და დოკუმენტები რუსულად რუტინულად ითარგმნებოდა.
მოლდოვის კომუნისტური პარტიის პარლამენტის წევრმა კონსტანტინ სტარიშმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. „ამ ლოგიკით, მაია სანდუს პარტიის შემდეგი ნაბიჯი არჩევნების გაუქმება იქნება“, – აღნიშნა მან.
მემარჯვენე პარტიის, „დემოკრატია სახლში“ პარლამენტის წევრის, ალექსანდრ ვერშინინის განცხადებით, მიღებული შეზღუდვები დემოკრატიას ასუსტებს. „დღეს ისინი ხმის ამოღებას გვიკრძალავენ, ხვალ კი გადაწყვეტენ, რომელ ჟურნალისტს შეუძლია კითხვის დასმა და რომელს არა“, – განაცხადა მან.
მოლდოვა საქართველოს მსგავსად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მოგვიანებით დიდი რუმინეთის ფარგლებში და ბოლოს საბჭოთა კავშირის წევრი იყო 1991 წელს მის დაშლამდე. მოლდოვაში რუმინული ერთადერთი სახელმწიფო ენაა და მას სულ უფრო აქტიურად იყენებენ ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპასთან კავშირის განმტკიცება სურთ. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რუსული ენა სალაპარაკოდ და მედიაში მაინც აქტიურად გამოიყენება.













