ფოტო: SOPA Images via Getty
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკისა და მისი სოციალური მედიის პლატფორმა X-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება მოიცავს პლატფორმაზე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტომასალების, ე.წ. „დიფფეიკების“, დეზინფორმაციისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის უარმყოფელი კონტენტის გავრცელებას. საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე მოკვლევა ოფიციალურ სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში გადაიზარდა და ბევრად მკაცრ ფორმას მიიღებს.
მანამდე, თებერვალში, პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის საფრანგეთის ოფისები გაჩხრიკა. ამერიკელმა ბიზნესმენმა კი ჩხრეკა „პოლიტიკურ თავდასხმად“ შეაფასა.
X-ის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთის ხელისუფლებამ 2025 წლის დასაწყისში, პლატფორმის ალგორითმთან დაკავშირებული საჩივრების საფუძველზე დაიწყო. თუმცა მოგვიანებით გამოძიების მასშტაბები გაფართოვდა და ახლა უკვე მოიცავს ისეთ ბრალდებებს, როგორებიცაა Grok-ის მიერ „ჰოლოკოსტის უარმყოფელი კონტენტისა“ და „სექსუალური შინაარსის დიფფეიკების“ გენერირებისა და გავრცელების შემთხვევები.
სხვა ბრალდებებთან ერთად, X-ის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო დავის ფარგლებში, პროკურორები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის „ფლობასა და ორგანიზებულ გავრცელებაში“ სავარაუდო „თანამონაწილეობასაც“ იკვლევენ.
მასკი, X-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ლინდა იაკარინოსთან ერთად, ფრანგმა პროკურორებმა „ნებაყოფლობით დაკითხვაზე“ 20 აპრილს დაიბარეს, თუმცა არცერთი მათგანი სხდომაზე არ გამოჩენილა. მათი გამოუცხადებლობის მიუხედავად, საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი გამოძიების პროცესს ხელს ვერ შეუშლის. ცნობისთვის, მასკი და იაკარინო, რომელიც X-ში CEO-ს თანამდებობას 2023 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისამდე იკავებდა, დაკითხვაზე პლატფორმის მმართველების სტატუსით არიან დაბარებულნი.














