ფოტო: quincyinst.org
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების თანახმად, ირან-აშშ-ის ომმა გლობალურ კომპანიებს, სულ მცირე, $25 მილიარდის ზარალი მიაყენა და ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.
შესწავლილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, კომპანიებს ფინანსური ზარალი ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და სავაჭრო გზების ცვლილების გამო მიადგათ. აღნიშნული პრობლემებისა და შეფერხებების გამომწვევი მთავარი მიზეზი კი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა.
ანალიზის თანახმად, სულ მცირე 279-მა საერთაშორისო კომპანიამ ფინანსურ ზარალთან გასამკლავებლად ფასები გაზარდა და წარმოება შეამცირა. სხვებმა კი დივიდენდების გაცემა შეაჩერა, თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა ან მთავრობებისგან სახელმწიფო დახმარება მოითხოვა.
ანალიტიკოსების თქმით, ზრდის შენელებასთან ერთად, ფასების გავლენა შესუსტდება და ფიქსირებული ხარჯების ათვისება უფრო რთული გახდება, რაც საფრთხეს შეუქმნის მოგების მარჟებს მეორე კვარტალსა და შემდგომ პერიოდში. ფასების მდგრადი ზრდა, სავარაუდოდ, ინფლაციას გაზრდის, რაც მომხმარებელთა ისედაც მყიფე ნდობას დააზარალებს.
ირანში ომით თითქმის ყველა სექტორის კომპანია დაზარალდა. მათ შორის არიან საცალო მოვაჭრეები, გადამზიდი ფირმები, ნავთობკომპანიები, მსხვილი საწარმოები, ავიაკომპანიები და სხვა. ჯამში ფინანსური ზარალი გაანალიზებულ კომპანიათა მეხუთედს მიადგა.
Reuters-ის თანახმად, დაზარალებულ კომპანიათა შორის ყველაზე დიდი წილი ავიაკომპანიებში ფიქსირდება და ის თითქმის $15 მილიარდს შეადგენს. აღნიშნულის მიზეზი საავიაციო საწვავის მნიშვნელოვნად გაძვირებაა.
















