ფოტო: Microsoft/Handout via REUTER
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა, ახალი კვანტური გამოთვლითი ჩიპი წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დახმარებით შეიქმნა. კომპანიის განცხადებით, ახლა უკვე შესაძლებელია ირწმუნოს, რომ ის 2029 წლისთვის კომერციულად გამოსადეგი კვანტური მანქანების დამზადებას შეძლებს.
Microsoft-ის მსგავსად კვანტური კომპიუტერის მასობრივად წარმოების 2029 წლიდან დაწყებას გეგმავს კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანია IBM-იც. ამ უკანასკნელის განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა Microsoft-მა კვანტური კომპიუტერის მასობრივად წარმოების კონკრეტული დედლაინი დაასახელა. აქამდე კომპანია აცხადებდა, რომ ამ მიზანს რამდენიმე წელში მიაღწევდა, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ აჟღერებდა.
Microsoft-ი და IBM-ი კვანტური კომპიუტერის მასობრივად წარმოების მიმართულებით ისეთ კომპანიებთან შედიან კონკურენციაში, როგორებიც Google-ი, Amazon-ი და ჩინური ფირმებია. კვანტური სისტემის შექმნით შესაძლებელი გახდება მედიცინაში, ქიმიასა თუ კიბერუსაფრთხოებაში არსებული პრობლემები მოკლე დროში გადაიჭრას, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს ათასობით წელი დასჭირდებოდა.
Microsoft-ის მიერ წარდგენილი ახალი კვანტური ჩიპის სახელწოდება Majorana 2-ია. წინამორბედი მოდელისგან განსხვავებით, კომპანიის ის სრულიად ახალი მასალებისგან იქნება დამზადებული. მაშინ როდესაც Google-ი, IBM-ი და სხვა კომპანიები კვანტურ ჩიპებს ალუმინის ზეგამტარი სადენებით ამზადებს, Microsoft-ის ჩიპები ტყვიისაგან იქნება დამზადებული. Microsoft-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯეისონ ზანდერის განმარტებით, AI-ის დახმარებით შედგენილმა ახალმა ფორმულამ აჩვენა, რომ მასალების შეცვლით Majorana 2-ის ფუნქციონირების ხარისხი 1,000-ჯერ გაიზრდებოდა.















