ფოტო: Wisam Hashlamoun/Anadolu via Getty Images
მხარეებს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ პირველად, ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის მისამართით საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა კომბინირებული თავდასხმა დაიწყეს ირანის ტერიტორიაზე, რასაც ირანის საპასუხო იერიშები მოჰყვა.
ფართო რეგიონულმა კონფლიქტმა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია. კოალიციური თავდასხმის პასუხად, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, აშშ-მა კი ირანს საზღვაო ბლოკადა დაუწესა.
ორივე მხრიდან მასშტაბური საჰაერო იერიშები ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა შეჩერებული, მხარეები კი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ. თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ცალმხრივად ან ორმხრივად უკვე არაერთხელ დაირღვა. მიუხედავად ამისა, სამშვიდობო პროცესი შენარჩუნებულია და დაპირისპირებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ პირობების დაახლოებას.
რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა „ჰეზბოლასთან“ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე, დაჰიეს უბანზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელის მისამართით რაკეტების გაშვება სწორედ აღნიშნულზე შურისძიება იყო.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ორივე მხარე, ისრაელი და ირანი, ცეცხლს დაუყოვნებლივ შეწყვეტენ! ფინალური მოლაპარაკებები „მშვიდობისათვის“ წინ მიიწევს“ – განაცხადა მან.















