ფოტო: REUTERS/Heather Khalifa
კვირას იტალიურმა Prada-მ სკაფანდრის შიგნით ჩასაცმელი სპეციალური სამოსი წარადგინა, რომელსაც მთვარის მისიებში მონაწილე NASA-ს ასტრონავტები ატარებენ. ეს ხაზს უსვამს ბრენდის მისწრაფებას, გახდეს პირველი მსხვილი მოდის სახლი, რომელიც კოსმოსურ ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწევს.
ტანზე მომდგარი კოსტიუმი, რომელიც ჰიუსტონში დაფუძნებული კოსმოსური ინფრასტრუქტურის დეველოპერ Axiom Space-თან თანამშრომლობით შეიქმნა, სამოსში ჩაქსოვილი ვენტილაციის მილებით გამოირჩევა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობებისა და შესაბამისი ცოდნის ფართო სპექტრი“, – განაცხადა Prada-ს მარკეტინგის დირექტორმა ლორენცო ბერტელიმ მანჰეტენის მაღაზიაში გამართულ ღონისძიებაზე.
კოსმოსური კვლევის პროდუქტების შემუშავების ექსპერტიზა „შეიძლება მოდიოდეს მრავალი, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინდუსტრიიდან“, – განაცხადა Axiom Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან სირტეინმა.
Prada-ს ახალი პროდუქტი, სავარაუდოდ, 2028 წელს NASA-ს მიერ მთვარეზე Artemis 4-ის დაშვების მისიისთვის იქნება გამოყენებული.
„ტანსაცმლის ბრენდები დიდი ხანია, შთაგონებას კოსმოსური მოგზაურობებიდან იღებენ. თუმცა კოსმოსის კვლევისა და ტურიზმის ინდუსტრიების განვითარებასთან ერთად, Prada შთაგონების მიღმა რეალურ პარტნიორობაზე გადავიდა“, – განაცხადა თომაი სერდარიმ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ბრენდების სტრატეგმა და მარკეტინგის პროფესორმა.
სერდარი აღნიშნავს, რომ Prada-ს კოსმოსური ინდუსტრიით ინტერესს სხვადასხვა ფაქტორი ასტიმულირებს: შეძლებული მომხმარებლებისთვის წვდომის მოპოვება, რომლებიც კოსმოსურ მოგზაურობაზე ფიქრობენ და ბრენდის ავანგარდულ იდეებთან შესაბამისობაში მოყვანა. ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ით დაწყებული, ილონ მასკის SpaceX-ით დამთავრებული დღეს კომპანიები მდიდრებისთვის კოსმოსური ტურიზმის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.















