ფოტო: Jim Watson, AFP
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთი გააფრთხილა, რომ თუ პარიზი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრულ გადასახადს არ გაუუქმებს, მას „არჩევანი არ ექნება“, გარდა იმისა, რომ ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფები დააწესოს.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ გაფრთხილება პირდაპირ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადასცა და მოითხოვა, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებისთვის დაწესებული 3%-იანი გადასახადი გაეუქმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის გადასახადები დაეკისრებოდა.
„მე მას ვთხოვე, რომ ამერიკული კომპანიებისთვის არ დაეკისრებინა გადასახადი და თუ ის ამას გააკეთებს, მე არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან შემოტანილ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, – განაცხადა ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში.
ტრამპმა საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან იმპორტირებულ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფის დაწესების მუქარა ადრეც გააჟღერა, მათ შორის მიმდინარე წლის იანვარში და გასული წლის მარტში, როდესაც ტრანსატლანტიკურ სივრცეში სავაჭრო დაძაბულობა გამწვავდა.
Eurostat-ის მონაცემებით, ალკოჰოლი ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. Eurostat-ის თანახმად, 2024 წელს ევროკავშირიდან აშშ-ში $9 მილიარდის ღირებულების ალკოჰოლის ექსპორტი განხორციელდა.
ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებულ ღვინოებსა და სპირტიან სასმელებზე ამჟამად 15%-იანი ტარიფია დაწესებული. აღნიშნულ ტარიფებზე გასულ წელს შოტლანდიაში აშშ-ევროკავშირის სავაჭრო მოლაპარაკებების დროს, ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთს 3%-იანი გადასახადი ციფრული სერვისებიდან მიღებულ შემოსავალზე 2019 წლიდან აქვს დაწესებული. აღნიშნული გადასახადი იმ კომპანიებზე მოქმედებს, რომელთა შემოსავალი საფრანგეთში €25 მილიონ ევროზე მეტია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით €750 მილიონ ევროს აღემატება.















