Reuters: აშშ-მა ჩინური DeepSeek-ისა და 100 სხვა კომპანიის შავ სიაში შეყვანა გადაავადა

Reuters: აშშ-მა ჩინური DeepSeek-ისა და 100 სხვა კომპანიის შავ სიაში შეყვანა გადაავადა

ფოტო: Jaap Arriens/NurPhoto via Getty Images

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური AI-სტარტაპის, DeepSeek-ის, მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი CXTM-ისა და დამატებით კიდევ 100-ზე მეტი სხვა კომპანიის სავაჭრო „შავ სიაში“ შეყვანის პროცესი გადაავადა. როგორც გამოცემა Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით განუცხადეს, აშშ-ის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება პეკინთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან არიდებას ემსახურება.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა DeepSeek-ის, CXTM-ისა და სხვა კომპანიების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანა ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა. DeepSeek-ის სიაში შეყვანის მიზეზი სტარტაპის მხრიდან ჩინეთის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების მხარდაჭერა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასულ წელს გამოცემა Reuters-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ჩინური სტარტაპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფიქტიური კომპანიების გამოყენებით, აშშ-ის მოწინავე ჩიპებზე უკანონო წვდომის მოპოვებას ცდილობდა.

DeepSeek-ი მათი AI-მოდელების განსავითარებლად ამერიკული ლაბორატორიების მიერ შექმნილი რესურსების არაკანონიერ გამოყენებაში დაადანაშაულა OpenAI-მაც. ხოლო Anthropic-მა გამოავლინა კამპანია, რომლის ფარგლებშიც DeepSeek-ი და ორი სხვა ჩინური AI-ლაბორატორია საკუთარი მოდელების გაუმჯობესებისთვის Claude AI-პლატფორმიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ.

რაც შეეხება მეხსიერების ჩიპების ჩინურ მწარმოებელს, ChangXin Memory Technologies-ს (CXTM), ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინურ სამხედრო კომპანიად დაასახელა, ხოლო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის დეპარტამენტი CXTM-ის „შავ სიაში“ შეყვანას ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი ხნის წინ განიხილავდა.