AI-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, TSMC-ის შემოსავლები 45%-ით გაიზარდა

AI-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, TSMC-ის შემოსავლები 45%-ით გაიზარდა

ფოტო: Shutterstock

 

ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად საჭირო ტექნოლოგიაზე მაღალი მოთხოვნის ფონზე, Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-ის (TSMC) ყოველთვიური შემოსავლები 45%-ით გაიზარდა. შედეგად, Nvidia-სა და Apple-ისთვის ჩიპების მთავარი მიმწოდებლის შემოსავალმა ივლისში $14.5 მილიარდი შეადგინა.

მიმდინარე კვარტალში ანალიტიკოსები TSMC-ის შემოსავლების 46.8%-იან ზრდას ელიან. ამავდროულად, ტაივანურმა კომპანიამ გასულ თვეში 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯებისა და შემოსავლების პროგნოზებიც გაზარდა. TSMC-ის შეფასებით, AI-ის მუშაობისთვის საჭირო ჩიპებზე მაღალი მოთხოვნა 2027 წელს და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება.

TSMC-ის გეგმით, 2026 წელს კომპანიისთვის კაპიტალური დანახარჯი რეკორდულ, $60-$64 მილიარდს მიაღწევს. ამასთან ერთად, TSMC-ის პროგნოზით, აშშ დოლარში კომპანიის წლიური გაყიდვები 40%-ზე მაღალი ტემპით გაიზრდება.

საინტერესოა, რომ AI-სექტორში მასშტაბური ინვესტიციების მიუხედავად, ივლისში ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო ღირებულებების ზრდა შეჩერდა. ამის მიზეზი ინვესტორთა სიფრთხილეა, განსაკუთრებით კი შეშფოთებები მონაცემთა ცენტრების ჭარბ სიმძლავრესთან დაკავშირებით და კითხვები, მოიტანს თუ არა AI-თან დაკავშირებულ მიმართულებებში ტრილიონობით დოლარის ინვესტიცია შესაბამის ეკონომიკურ უკუგებას.

TSMC-ის აქციების ფასი ამჟამად ივნისის ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან, $477-თან შედარებით შემცირებულია, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით მაინც 50%-ზე მეტითაა გაძვირებული. Marketcap-ის 10 აგვისტოს მონაცემებით, TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.178 ტრილიონს უდრის (მე-6 მსოფლიოში), ხოლო აქციების ფასი $420-ია.