ფოტო: Reuters
უკრაინამ შავ ზღვაში მდებარე რუსული პორტით მოსარგებლე ნავთობტანკერებზე ინტენსიური თავდასხმების სერია დროებით შეაჩერა. როგორც გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თხოვნა გახდა.
უკრაინელი ოფიციალური პირებისა და საკითხთან დაახლოებული სხვა პირების ინფორმაციით, 31 ივლისის სატელეფონო საუბრისას ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეეწყვიტა თავდასხმები იმ ტანკერებზე, რომლებსაც ნავთობი ყაზახეთიდან რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში, „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) ტერმინალში, გადააქვთ.
სატელეფონო საუბრისას ვენსმა აღნიშნა, რომ თავდასხმები ნავთობის ბაზრებზე არსებულ არასტაბილურობას აღრმავებს და, ამავდროულად, ზიანის მომტანია ამერიკული კომპანიებისთვის.
უკრაინელი მაღალჩინოსნების ცნობით, 31 ივლისის შემდეგ უკრაინას CPC-ის ტერმინალის სიახლოვეს ნავთობტანკერებზე თავდასხმები აღარ განუხორციელებია. ამასთან, კიევი დათანხმდა, შეწყვიტოს თავდასხმები CPC-ის ინფრასტრუქტურასა და არარუსულ გემებზე, თუ მათზე უკრაინის სანქციები არ ვრცელდება და რუსეთის ნავთობს ან სხვა რუსულ ტვირთს არ გადაზიდავენ.
Financial Times-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციითვე, CPC-ის საკითხი აშშ-ისა და ყაზახეთის მთავრობებთან საუბარში მუდმივად აქტუალურია. CPC, რომლის მეწილეებს შორის ამერიკული ენერგოგიგანტები Chevron-ი და ExxonMobil-ი არიან, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. Chevron-ი ყაზახეთის უდიდეს საბადო Tengiz-ში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო Exxon-ის საკუთრებაში 25%-ია.
უკრაინისთვის შავ ზღვაში არარუსულ გემებსა და CPC-ის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების მოთხოვნით მიმართვა FT-ს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. ამავე წყაროს ცნობით, ადმინისტრაცია CPC-ს განიხილავს, როგორც ყაზახური წარმოშობის ენერგორესურსების ევროპულ ბაზრებზე მიწოდების უმნიშვნელოვანეს არხს, ასევე ალტერნატივას რუსული ენერგორესურსების მიწოდებისთვის.













