OpenAI სარეკლამო ბიზნესიდან $1 მილიარდის წლიური შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს

OpenAI სარეკლამო ბიზნესიდან $1 მილიარდის წლიური შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს

ფოტო: Bloomberg | Getty Images

 

არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI, სარეკლამო ბიზნესიდან $1 მილიარდის ოდენობის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეკლამო მიმართულებების გამოყენება იზრდება, პარალელურად კი OpenAI მისი გეოგრაფიული გაფართოების პროცესსაც აგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ChatGPT-ში რეკლამების ტესტირება, OpenAI-მა მიმდინარე წლის დასაყისში დაიწყო. მას შემდეგ კი სარეკლამო პლატფორმა ეტაპობრივად, მათ შორის ახალ ბაზრებზე, გააფართოვა. ორშაბათიდან ChatGPT-ზე რეკლამის განთავსება  დამკვეთებს პირდაპირ OpenAI-ის Ads Manager-ის საშუალებით ინდოეთში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც შეეძლებათ. ეს ინსტრუმენტი კომპანიამ აშშ-ში უკვე აამოქმედა.

OpenAI-ის ინფორმაციით, რეკლამის განმთავსებლებისთვის ამ ფუნქციის შეთავაზებამ მცირე და საშუალო ბიზნესების მოზიდვას შეუწყო ხელი. პარალელურად კი იზრდება კომპანიის სარეკლამო ბიზნესში, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოქმედი ორგანიზაციებისგან მიღებული შემოსავლების წილიც.

ცნობისთვის, ChatGPT-ზე რეკლამები პლატფორმის უფასო პაკეტითა და დაბალფასიანი Go-გეგმის მომხმარებელთათვის ჩნდება. როგორც ამერიკულმა სტარტაპმა აპრილში განაცხადა, მხოლოდ აშშ-ში მისი სარეკლამო საპილოტე პროგრამის წლიურმა  შემოსავალმა გაშვებიდან ექვს კვირაში $100 მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მა აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი ივნისში შეიტანა. OpenAI-ის გეგმით, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, IPO-მდე კომპანიის წლიურმა შემოსავალმა $40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს.