ფოტო: Reuters
აშშ-ის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია Chevron-ი ვენესუელის ორინოკოს სარტყელში ნავთობის ორი ახალი საბადოს ასამუშავებლად დაახლოებით $7 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიისა და ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroindependencia-ს ერთობლივი საწარმო, რომელშიც Chevron-ი 49%-იანი წილით შედის, საბადოების განვითარებას უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მიმდებარედ გეგმავს.
პროექტის შედეგად Chevron-ი ვენესუელაში ნავთობის მოპოვებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდის და დღიურად დაახლოებით 600 000 ბარელს მიაღწევს.
ახალი ინვესტიცია ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან მალევე გამოცხადდა. ამასთან, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტმანეტის მდივანი კრის რაიტი სამშაბათს საღამოს ვენესუელაში ჩავიდა, სადაც ახალი ინვესტიციების შესახებ განცხადებები გააკეთა. Chevron-ი კი პირველი მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც შეთანხმების შემდეგ ქვეყანაში ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
წაიკითხეთ ასევე: რა კითხვებს აჩენს აშშ-ვენესუელის ნავთობის შეთანხმება?
Chevron-იი ვენესუელაში დარჩენილი ერთადერთი მსხვილი ამერიკული ნავთობმწარმოებელია მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა 2007 წელს ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია განახორციელა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ვენესუელიდან Exxon-ისა და ConocoPhillips-ის გასვლა გამოიწვია.
კარაკასში ჩასვლის შემდეგ რაიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შემოდინება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ხელფასებზე ზრდას შეუწყობს ხელს.
„როდესაც ქვეყანაში დიდი ინვესტიციები შემოდის, ეს ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, ზრდის ხელფასებზე ზეწოლას და ვენესუელელებისთვის კეთილდღეობის შექმნის შესაძლებლობას“, – განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანმა.














