ფოტო: REUTERS/Sergei Karpukhin
ევროკავშირმა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის ზოგიერთი წევრი აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯმა ძირი გამოუთხარა ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბლოკი შანტაჟს დაემორჩილებოდა.
უკრაინის თხოვნის მიუხედავად, საფრანგეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად ევროკავშირმა სამშაბათს გადაწყვიტა, გაეუქმებინა აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება და გადაადგილების შეზღუდვა რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვისა და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატის თანადამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანისთვის.
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისათვის სამი დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთმა პარტნიორებს პირად საუბრებში აცნობა, რომ აზერბაიჯანი უსმანოვის სანქციების საკითხს პარიზზე ზეწოლისთვის იყენებდა. ზეწოლის ობიექტები კი აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქე იყო.
ოთხშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა, პარიზმა კი ეს ნაბიჯი „ჰუმანიტარულ აქტად“ შეაფასა.
უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საფრანგეთის ინიციატივამ ლუქსემბურგსაც უბიძგა, მოეთხოვა ანალოგიური ზომები ფრიდმანის მიმართაც. ამ უკანასკნელმა აქტივების გაყინვის გამო ლუქსემბურგის წინააღმდეგ $16-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა.
დიპლომატების თქმით, სხვა მთავრობებს ფაქტობრივად არჩევანი არ ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ, მიეღოთ საფრანგეთის მოთხოვნა იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთთან დაკავშირებული სანქციები 3,000 სხვა პირისა და ორგანიზაციის მიმართ კიდევ სამი წლით გახანგრძლივებულიყო.
სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ სანქციების გახანგრძლივების ეს პერიოდი ხელს შეუშლიდა სხვა სახელმწიფოებს, უახლოეს მომავალში მსგავსი მოთხოვნები წამოეყენებინათ.
ევროკავშირის შიგნით ყველაზე მწვავე კრიტიკა ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან გაისმა. თავდაპირველად ლატვიამ აღნიშნული ნაბიჯი დაბლოკა, თუმცა მოგვიანებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე დათანხმდა. ევროკავშირის დიპლომატებმა, რომლებმაც შიდა განხილვების შესახებ ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯით უკმაყოფილებას 27-წევრიანი ბლოკის მასშტაბით მრავალი მხარე იზიარებდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის საკითხებში უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, რომ შოკირებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ ევროკავშირი აღნიშნული ორი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნას გეგმავდა.















