თანამედროვე ცხოვრების სტანდარტი თბილისის ისტორიულ გარემოში

თანამედროვე ცხოვრების სტანდარტი თბილისის ისტორიულ გარემოში
თბილისის ისტორიულ ცენტრში ახალი პროექტის შექმნა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რათა უბნის იდენტობა და ურბანული მასშტაბი არ დაირღვეს. „მთაწმინდა პანორამის“ პროექტის ხელმძღვანელი სანდრო ჩხაიძე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მხოლოდ 21 აპარტამენტზე გათვლილ კომპლექსს ავითარებს, რომლის მთავარი აქცენტები მცირე მასშტაბი, პრივატულობა და ქალაქის ხედებია.

რამ განაპირობა, რომ თქვენი პროექტის ადგილმდებარეობა სწორედ მთაწმინდა ყოფილიყო და არა რომელიმე სხვა ცენტრალური უბანი?

არჩევანი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. მთაწმინდა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ისტორიული უბანია, რომელიც ქალაქის კულტურულ და საქმიან ცენტრთან სიახლოვეს სიმშვიდესთან, სუფთა ჰაერთან და ბუნებრივ გარემოსთან აერთიანებს.

„მთაწმინდა პანორამა“ ზღვის დონიდან დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პროექტიდან რუსთაველის გამზირამდე 400 მეტრია, ფუნიკულიორის ქვედა სადგურამდე – 500 მეტრი, ხოლო თავისუფლების მოედნამდე ავტომობილით მისვლას 3-4 წუთი სჭირდება. შესაბამისად, კომპლექსის მომავალი მობინადრეები ქალაქის ცენტრალურ სივრცეებთან ახლოს იქნებიან, ამავდროულად კი მათ ყოველდღიურ ყოფას მთაწმინდისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და პრივატული გარემო შესძენს კომფორტს და ქალაქის ხმაურისგან და გამონაბოლქვისგან დაცულობის შეგრძნებას.   

მთაწმინდის მთის ბუნებრივი გარემო, სუფთა ჰაერი და ახალი ნარგავებით გამწვანებული ფერდობი მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს ქმნის, რაც ქალაქის ცენტრში განსაკუთრებით იშვიათი უპირატესობაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთაწმინდაზე ახალი საცხოვრებელი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდულია. ისტორიული განაშენიანება, რთული რელიეფი და აუთვისებელი მიწის ნაკვეთების სიმცირე განაპირობებს, რომ მსგავსი ტიპის უძრავი ქონება ბაზარზე იშვიათად ჩნდება. სწორედ ამიტომ, ამ უბანში საცხოვრებელი ფართის შეძენა ცხოვრების სტილთან ერთად გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებასაც უკავშირდება.

მთაწმინდა თბილისის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული უბანია. როგორ ერწყმის თანამედროვე სტანდარტები გარემოს ხასიათს?

ისტორიულ უბანში თანამედროვე პროექტის შექმნისას ჩვენი მთავარი ამოცანა გარემოსთან სწორი ბალანსის დაცვა იყო. არ გვსურდა, შენობა არსებულ განაშენიანებაში უცხო, ზედმეტად მასშტაბურ ან დომინანტურ მოცულობად აღქმულიყო.

სწორედ ამიტომ, „მთაწმინდა პანორამის“ მაქსიმალური სიმაღლე ხუთი სართულია. დაბალი განაშენიანება ჰარმონიულად ერწყმის მთაწმინდის რელიეფს, ძველი თბილისის ურბანულ მასშტაბსა და უბნის საერთო იერსახეს. არქიტექტურა თანამედროვე და ავთენტურია, ფასადის გადაწყვეტებში გამოყენებულია ბუნებრივი ქვა, დეკორატიული პანელები, დარაბები და თანამედროვე ფასადის ელემენტები.

პროექტი ძველი თბილისის არქიტექტურის პირდაპირ გამეორებას არ ცდილობს. ჩვენი მიდგომა გულისხმობს ისტორიული გარემოს პატივისცემას თანამედროვე არქიტექტურული ენით. შედეგად, შენობა პასუხობს დღევანდელი საცხოვრებლის მოთხოვნებს, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებს იმ სიმშვიდესა და მასშტაბს, რომელიც მთაწმინდის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაშინ, როცა დეველოპერების უმრავლესობა სივრცის აგრესიულად ათვისებას ცდილობს, „მთაწმინდა პანორამა“ ხუთსართულიანია და მხოლოდ 21 აპარტამენტს მოიცავს. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

ეს იყო თავიდანვე გააზრებული და კონცეფციით განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ტერიტორიის მაქსიმალური სამშენებლო მოცულობით დატვირთვა. პროექტის ღირებულებას არა მხოლოდ აშენებული კვადრატული მეტრების რაოდენობით, არამედ იქ შექმნილი ცხოვრების ხარისხით ვაფასებთ.

კომპლექსი 21 აპარტამენტს, სამ კომერციულ ფართსა და 25 საპარკინგე ადგილს აერთიანებს. აპარტამენტების შეზღუდული რაოდენობა ქმნის დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელ გარემოს, სადაც მობინადრეებს მეტი სიმშვიდე, პრივატულობა და საერთო სივრცეებით კომფორტულად სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

მცირე მასშტაბი საშუალებას გვაძლევს, მეტი ყურადღება დავუთმოთ თითოეული აპარტამენტის გეგმარებას, ბუნებრივ განათებას, ხედებსა და საერთო ინფრასტრუქტურის ხარისხს. ამავე დროს, ხუთსართულიანი შენობა არ არღვევს უბნის სილუეტს და ბუნებრივად ერგება მთაწმინდის არსებულ განაშენიანებას.

საბოლოოდ, გვინდოდა შეგვექმნა არა მასობრივი საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ მცირე, პრივატული პროექტი, რომლის მცხოვრებლებს ექნებოდათ როგორც პირადი, ისე მშვიდი და მოწესრიგებული საერთო სივრცეები.

კაკაბაძის ქუჩიდან თბილისის გამორჩეულად წარმტაცი ხედები იშლება. როგორ აისახა ეს პროექტის დიზაინში?

ხედები „მთაწმინდა პანორამის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და პროექტის არქიტექტურული კონცეფცია თავიდანვე მათ მაქსიმალურად გამოყენებას დაეფუძნა.

კომპლექსიდან იშლება 360-გრადუსიანი პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და თავად მთაწმინდაზე. შენობის განთავსება, აპარტამენტების ორიენტაცია და ფასადის გადაწყვეტები ისე დაიგეგმა, რომ ქალაქის ხედები საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივი ნაწილი გამხდარიყო.

ფართო ვიტრაჟული ფანჯრები ინტერიერში მაქსიმალურად უშვებს დღის სინათლეს და ვიზუალურ კავშირს ქმნის საცხოვრებელ სივრცესა და ქალაქს შორის. შესაბამისად, პანორამული ხედები არა უბრალოდ აივნებიდან ან ტერასებიდან აღქმული დამატებითი უპირატესობა, არამედ ინტერიერის ერთ-ერთი ნაწილია.

დიზაინში ისიც გათვალისწინებულია, რომ აპარტამენტებში ბუნებრივი განათება დღის განმავლობაში მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილებულიყო. ამ მიდგომით ქალაქის ისტორიული ლანდშაფტი პროექტის არქიტექტურული იდენტობის მნიშვნელოვანი კომპონენტიც ხდება.

პრემიუმ–საცხოვრებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ინფრასტრუქტურა. რას სთავაზობთ მომავალ მცხოვრებლებს ამ თვალსაზრისით?

ჩვენი ხედვით, პრემიუმ–საცხოვრებელი მხოლოდ აპარტამენტის ხარისხით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შენობის საერთო სივრცეები, უსაფრთხოება და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მცხოვრებლების ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის.

„მთაწმინდა პანორამაში“ გათვალისწინებულია დახურული საცურაო აუზი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი. კომპლექსში მოეწყობა დახვეწილი ლობი კონსიერჟის მომსახურებით, ხოლო უსაფრთხოებას 24-საათიანი დაცვის სამსახური და ვიდეომონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს.

პროექტი ასევე მოიცავს შიდა, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოს, ბავშვებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო გასართობ სივრცეს, მიწისქვეშა პარკინგსა და ელექტრომობილების დამტენ სადგურებს.

ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი იყო კომპლექსის მასშტაბიც. რადგან პროექტი მხოლოდ 21 აპარტამენტს აერთიანებს, ყველა საერთო სივრცე მცირე რაოდენობის მცხოვრებელზეა გათვლილი. ეს ინფრასტრუქტურას უფრო პრივატულს, მშვიდსა და ხელმისაწვდომს ხდის და რეზიდენტებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური დასვენებისა და ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო გარემო უშუალოდ საცხოვრებელ კომპლექსში მიიღონ.

თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტიანობაა. რას ითვალისწინებს „მთაწმინდა პანორამა“ ამ კუთხით?

ენერგოეფექტიანობა პროექტის დაგეგმარებისა და მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისი შედეგის მისაღწევად ყურადღება ეთმობა როგორც საშენი მასალების ხარისხს, ისე შენობის საინჟინრო და ფასადურ სისტემებს.

მშენებლობაში გამოიყენება იზობლოკი, მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟული სისტემები და Saint-Gobain-ის ფრანგული ენერგოდამზოგავი მინის პაკეტები. აღნიშნული მასალები ხელს უწყობს შენობის თბო– და ხმის იზოლაციას, სითბოს დანაკარგის შემცირებასა და შიდა სივრცეებში სტაბილური მიკროკლიმატის შენარჩუნებას.

ენერგოდამზოგავი მინა ზამთარში სითბოს შენარჩუნებას, ხოლო ზაფხულში საცხოვრებელი სივრცეების გადახურების შემცირებას უწყობს ხელს. სწორად მოწყობილ ფასადთან და თბოსაიზოლაციო მასალებთან ერთად ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების სისტემების დატვირთვას.

პროექტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შედეგად, „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტიან პროექტად არის დაგეგმილი. ეს მომავალ მცხოვრებლებს არა მხოლოდ გარემოსდაცვით სარგებელს, არამედ ენერგომოხმარებისა და საცხოვრებლის საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების შესაძლებლობასაც აძლევს.

დაბოლოს, რა ეტაპზეა პროექტი და როდის ელოდებით პირველ მცხოვრებლებს?

„მთაწმინდა პანორამა“ აქტიურ სამშენებლო ეტაპზეა – მიმდინარეობს ვიტრაჟული სისტემების მონტაჟი, ასევე სანტექნიკური და ელექტროსამონტაჟო სამუშაოები. პროცესი პროექტით განსაზღვრული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თითოეულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ხარისხს, ისე არქიტექტურულ კონცეფციასა და შერჩეულ მასალებს.

პირველი მცხოვრებლების მიღებას 2027 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, დასრულებული პროექტი სრულად შეესაბამებოდეს თავდაპირველ ხედვას – შეიქმნას დაბალი სიმჭიდროვის, დაცული და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, რომელიც მთაწმინდის ისტორიულ ხასიათს პატივს სცემს და ქალაქის ცენტრში ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომავალ რეზიდენტებს.