დიდი რუსული სუპერიახტების ფიასკო

დიდი რუსული სუპერიახტების ფიასკო
ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა თითქმის ორი ათეული სუპერიახტა მიითვისეს, რათა დაესაჯათ იგი და მისი ოლიგარქი მეგობრები. დიდი პიარ-ნაბიჯი, მაგრამ საშინელება ეკონომიკის ჭრილში: ოთხი წლის შემდეგ ბევრი მათგანი თავის ნავმისადგომში ლპება, რაც გადასახადის გადამხდელებს ათობით მილიონი უჯდებათ.

ავტორი: ჯაკომო ტონინი

2022 წლის 4 აპრილს, რუსეთის ძალების უკრაინაზე თავდასხმიდან ექვს კვირაზე ნაკლებ დროში, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის, FBI-ის და ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრები ესპანეთის საპორტო ქალაქ პალმა–დე–მალიორკაში 255 ფუტის სიგრძის სუპერიახტა Tango-ზე ავიდნენ.

აშშ-ის მთავრობის ცნობით, სავარაუდოდ, სანქცირებულ რუს მილიარდერს,  ვიქტორ ვექსელბერგს (ქონება: $9 მილიარდი) მისი საკუთრება – $90 მილიონის ღირებულების გემი – აშშ-ის ორდერის საფუძველზე ჩამოართვეს, რომელიც მას საბანკო თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და სანქციების დარღვევაში ადანაშაულებდა. ეს იყო დასავლეთის მიერ „ფინანსური სარგებლის მიზნით ტირანიის მხარდამჭერი“ რუსი ოლიგარქების დასასჯელად გახმაურებული პირველი ზალპი.

„დღეს ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა პირველად ჩამოართვა აქტივი სანქცირებულ პირს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის რეჟიმთან, – დაიკვეხნა მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა. – და ის არ იქნება უკანასკნელი“. რამდენიმე კვირის შემდეგ გარლანდმა გააორმაგა ძალისხმევა და პირობა დადო, რომ გამოიყენებდა იუსტიციის დეპარტამენტის ყველა არსებულ რესურსს აქტივების ჩამოსართმევად და შემოსავლის პირდაპირ უკრაინაში გადასარიცხად.

ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ გარლანდის თამამი დაპირებები დიდ თავის ტკივილად იქცა. Tango პრაქტიკულად ზუსტად იქვე დგას, სადაც ის პატრონს ჩამოართვეს, პალმაში, ძვირადღირებულ, მაღალი კლასის ნავმისადგომში. მის გაყიდვას ვაშინგტონი ნაბიჯითაც კი არ მიახლოებია, და კიევში ერთი პენიც კი არ წასულა. სამაგიეროდ, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა დაახლოებით $14 მილიონზე მეტი დახარჯეს მინიმალური ეკიპაჟის, დაზღვევის, საწვავისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დასაფარად. ამ ხარჯების დაფარვისა და ძრავებისა და ელექტროენერგიის შეუფერხებლად მუშაობის გარეშე, ეს სუპერიახტები თითქმის მაშინვე იწყებენ ცვეთას. ეს ისეთი ფინანსური ფიასკოა, რომელიც კერძო სექტორში ნებისმიერ ადამიანს კარიერად დაუჯდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საჯარო მოხელეებს შორის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ამას ჩემი ოფისის ფანჯრიდან ვხედავ. ის იქ წლებია, დგას, გარეთ, მზეზე“, – ამბობს სემ ტაკერი, პალმაში, Moravia Yachting-ის იახტების ბროკერი, რომელიც ამბობს, რომ ხშირად ხედავს იახტაზე დაახლოებით ათი ადამიანისგან შემდგარ მინიმალური ეკიპაჟის წევრს. „საღებავი ძველდება, ნავის ძირი ალბათ ჭუჭყიანია. ლაპარაკია მხოლოდ კანონიერებასა და წყალზე ყოფნის უნარზე“. 

მიგელ ანხელ სერა, პალმაში დაარსებული იურიდიული ფირმა Legalley-ის დამფუძნებელი პარტნიორი, აფასებს, რომ მთავრობები მწარე გამოცდილებით სწავლობენ, თუ რამდენად ძვირია უმოქმედო აქტივის მართვა. უფუნქციოდ დარჩენილი სუპერიახტები დიდი ფული ღირს, – ამბობს ის. – ისინი ძალიან ძვირია, მაშინაც კი, თუ არ გადაადგილდება“.

პუტინის შეჭრის შემდეგ, დაძაბულ თვეებში, 11 დასავლურმა მთავრობამ გაყინა ან დააკავა რუსეთთან დაკავშირებული მინიმუმ 20 სუპერიახტა, რომელთა ღირებულება იმ დროს დაახლოებით $4.3 მილიარდს შეადგენდა. ეს იყო ომის დროს PR-ის მასტერკლასი, რომელიც სწრაფ სამართლიანობას გულისხმობდა: კონფისკაცია, გაყიდვა და შემოსავლის გამოყენება უკრაინის აღდგენის დასახმარებლად.

თუმცა ეს არ მოხდა. ნაცვლად ამისა, კამპანია ბიუროკრატიულ აურზაურში გადაიზარდა. იურიდიულად, იახტის „გაყინვა“ არაა იგივე, რაც მისი „კონფისკაცია“, რაც აუცილებელია მის გაყიდვამდე. წლების განმავლობაში, ამ იახტებიდან მხოლოდ ოთხზე გავრცელდა კონფისკაციის სანქცია, რომელთაგან სამი ფასდაკლებით გაიყიდა. Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ ორმა მთავრობამ, აშშ-მ და ანტიგუა და ბარბუდამ, მიიღო რაღაც თანხა იახტების გაყიდვიდან ხარჯების აღრიცხვის შემდეგ. როგორც ჩანს, უკრაინაში არაფერი მოხვდა. ორი სხვა იახტა ჩუმად გათავისუფლდა და დაუბრუნდა მათ მფლობელებს. 

ამასობაში, დასავლელი გადასახადის გადამხდელები კვლავ იხდიან ევროპის პორტებში მიბმულ, დანარჩენი 15 იახტიდან რამდენიმეს ხარჯებს. ამ წარუმატებელი სტრატეგიის რეალური ხარჯების გამოსავლენად, Forbes-მა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მოთხოვნები 11 ქვეყნის სამთავრობო უწყებას წარუდგინა, სასამართლო ჩანაწერები გადაამოწმა და იურისტებს, იახტების ბროკერებსა და გემთმშენებელ ქარხნებს ესაუბრა. ამერიკის რამდენიმე სამთავრობო უწყება ჩვენი ოფიციალური მოთხოვნებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც არ დაგვკავშირებია; რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და გერმანიამ, უარი თქვეს რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე, კონფიდენციალურობის პუნქტების მოტივით, ან იმის მტკიცებით, რომ ამის გაკეთება სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევა იქნებოდა.

ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნისას, Amadea გადასახადის გადამხდელებს ეკიპაჟისთვის თვეში $360,000 უჯდებოდათ; $165,000 ტექნიკური მომსახურების, ეკიპაჟის საკვებისა და ნარჩენების გატანისთვის; და $75,000 საწვავისთვის, პლუს $1.7 მილიონის წლიური დაზღვევა და ერთჯერადი $5.6 მილიონის გადახდა მისი მშრალ დოკში განსათავსებლად. გასაკვირი არაა, რომ მისი ახალი მფლობელი სიამოვნებით იღებდა მას ფასდაკლებით.

საიდუმლოების მიუხედავად, Forbes-მა დაადასტურა, რომ მთავრობებმა მხოლოდ ხუთი იახტის შესანახად $100 მილიონზე მეტი გადაიხადეს. დარჩენილი იახტებისთვის Forbes-მა სუპერიახტების ბაზრის მონაცემთა ფირმა Phronesis Superyacht Intelligence & Insight-თან ითანამშრომლა ხარჯების დამოუკიდებელი შეფასების შესაქმნელად. საერთო ჯამში, იახტების გაყინვის ოთხწლიანი ოდისეა აქამდე დაახლოებით $390 მილიონი დაჯდა, საიდანაც აშშ-ის გადასახადის გადამხდელებმა მინიმუმ $50 მილიონი გადაიხადეს, რაც ხარჯების მეორე უდიდესი ნაწილია.

იტალიამ ყველაზე მეტი, თითქმის $100 მილიონი გადაიხადა ოთხი გაყინული სუპერიახტის შესანარჩუნებლად. მათ შორისაა 465 ფუტის სიგრძის Scheherazade, რომელიც, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მტკიცებით, თავად ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის, და რომელიც, გაყინვის დროს, $510 მილიონად იყო შეფასებული. ის კვლავ იტალიის პორტ მარინა–დი–კარარაში რჩება და ქვეყანას დაახლოებით $15 მილიონი დაუჯდა, Italian Sea Group-ის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, რომელიც ფლობს გემთსაშენს, სადაც იახტა 2022 წლის მაისიდან მოყოლებული დგას.

დამპალი გემებით გაჭედილი ქალაქებისა და დაბებისთვის ეს მსუბუქი უსიამოვნებიდან პირდაპირ გამაღიზიანებელ ფაქტად იქცა. იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ტრიესტეში, მცხოვრებლებს ადრიატიკის ზღვის ხედებს ოთხი წლის განმავლობაში ფილიპ სტარკის დაპროექტებული 468-ფუტიანი იალქნიანი იახტა A უფუჭებს, რომელსაც ოდესღაც „მსოფლიოში ყველაზე უშნო იახტას“ უწოდებდნენ და რომლის ღირებულებაც ქონების გაყინვისას, დაახლოებით $578 მილიონი იყო. „ეს სახელმწიფო ფულის ფლანგვაა – და ეს სირცხვილია“, – განუცხადა ტრიესტეს მერმა რობერტო დიპიაცამ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერას“ 2023 წელს. (მან უარი თქვა Forbes-თან საუბარზე.)

ქვეყნის მეორე მხარეს მდებარეობს 214 ფუტის სიგრძის Lady M, რომელიც, იტალიის მთავრობის ცნობით, სავარაუდოდ, რუსი ფოლადის მაგნატის, ალექსეი მორდაშოვის საკუთრებაა. იტალიის იმპერიის პორტში 200 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული გემის ელექტრო– და წყალმომარაგება დღეში დაახლოებით $700 ჯდება, ხოლო თვეში $15,000 – ნავმისადგომზე გაჩერების საფასური. ასევე, წელიწდში კიდევ $57,000 იხარჯება ძირითადი მოვლა-პატრონობისთვის. „თვის ბოლოს ჩვენ გავცემთ ინვოისებს და ვაგროვებთ თანხას. იახტა კარგადაა მოვლილი“, – ამბობს მატეო ბონჟანი, Marina di Imperia-ს პორტის ვიცე-დირექტორი. ასეც უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის მთავრობას აქამდე $2 მილიონზე მეტის ანგარიშსწორება აქვს.

კონფისკაცია უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აქტივის გაყინვა ერთია, მაგრამ ჩამორთმევა გულისხმობს საკუთრების შეცვლას. ამისათვის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ სანქცირებულმა პირმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ კი მიიღოს ორდერი მისი აქტივების ჩამორთმევის შესახებ. რუსი ოლიგარქების $58–მილიარდიანი დაბლოკილი აქტივებიდან – რომელთა შორისაცაა იახტები, უძრავი ქონება, თვითმფრინავები, კომპანიები და საბანკო ანგარიშები – მხოლოდ დაახლოებით $3 მილიარდი (ანუ 5%) იქნა ოფიციალურად ჩამორთმეული.

ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირდება, როდესაც საქმე იახტებს ეხება: მთავრობების მიერ ჩამორთმეული 20 აქტივიდან მხოლოდ ოთხი, დაახლოებით $530 მილიონის ღირებულების, ჩამოართვეს ოფიციალურად. ორდერის მიღების შემდეგაც კი ხელისუფლებამ უნდა გაიაროს სამოქალაქო კონფისკაციის პროცესი აქტივის მოთხოვნისა და შემდეგ მისი გაყიდვისთვის, რაც, Tango-ს შემთხვევაში, აშშ-ს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. „ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ჩამორთმევისა და კონფისკაციის განხორციელება, არა მხოლოდ აქტივების დაბლოკვა… არამედ საკუთრების სრულად და საბოლოოდ შეერთებული შტატებისთვის გადაცემა, რათა ზოგიერთი აქტივი,  რაგინდ მოკრძალებული ყოფილიყო, უკრაინაში გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო“, – ამბობს ენდრიუ ადამსი, ვაშინგტონის იურიდიული ფირმა Steptoe-ს პარტნიორი, რომელიც 2022 წლიდან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა იუსტიციის დეპარტამენტის Klepto Capture-ის სამუშაო ჯგუფს. პრეზიდენტმა ტრამპმა სამუშაო ჯგუფი 2025 წლის თებერვალში დაითხოვა, ბევრი აქტივი კი გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა. იუსტიციის დეპარტამენტმა კომენტარის მრავალჯერად მოთხოვნას არ უპასუხა.

ევროკავშირში სურათი კიდევ უფრო რთულია, რადგან ბევრ ქვეყანას არა აქვს მკაფიო სამართლებრივი პროცესი (ნარკოტიკებთან ომებში გამოცდილების გამო, აშშ საკმაოდ კარგად ახერხებს აქტივების კონფისკაციას). „კანონები თავიდანვე სათანადოდ არ იყო შემუშავებული, – ამბობს ბენჯამინ მოლტბი, ლონდონში მოღვაწე სუპერიახტების იურისტი. – არა მგონია, ხელისუფლებას წარმოდგენა ჰქონოდა, რა ღირდა ეს ნივთები მხოლოდ იქ დგომისა და უმოქმედობის შემთხვევაშიც კი“.

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, სანქცირებულ მფლობელებს გადასახადები დააკისროს, სანამ მათი იახტები დაკავებული რჩება. წარმატებები. მფლობელის ვინაობა ყოველთვის ნათელი არ არის, და ზოგიერთი გადახდისთვის არც კი იწუხებს თავს. მაგალითად, 353 ფუტის სიგრძის Luminosity, რომელიც მონტენეგროში იმ დღიდანაა ჩარჩენილი, როდესაც ანდრეი გურიევ უმცროსს – რომელიც იახტასთანაა დაკავშირებული და სასუქების ბარონის, ანდრეი გურიევის შვილია – ევროკავშირმა 2022 წლის მარტში სანქციები დაუწესა. (Forbes-მა კომენტარისთვის მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.) მისი ეკიპაჟი მალევე გაათავისუფლეს და ის მას შემდეგ ანაზღაურებას ითხოვს. Burgess Crew Services-მა, კომპანიამ, რომელმაც თავდაპირველად ეკიპაჟი მფლობელის სახელით დაიქირავა, 2023 წლის ოქტომბერში მფლობელისგან თანხების გადარიცხვის ნებართვა მიიღო, მაგრამ თითქმის სამი წლის შემდეგ ეს თანხა ჯერ კიდევ გადაუხდელია, რადგან შუამავალმა ბანკმა თანხები გაყინა და არ გასცემს მათ. „მთავრობის მიერ დანიშნული ეკიპაჟი მონტენეგროდან დროდადრო ნავზე ადის, მაგრამ ისინი ანაზღაურებას არ იღებენ, – ამბობს რასელ კრამპი, მონაკოში მომუშავე იახტების ბროკერი, რომელიც წარმოადგენს იახტის შეძენით დაინტერესებულ მყიდველს. – ამიტომ მათ ნავიდან წაიღეს ტელევიზორი, სასადილო მაგიდა და ყველა საჭირო აღჭურვილობა“.

JPMorgan-ისგან გიბრალტარში აუქციონზე გატანიდან სამი წლისა და ხუთთვიანი კონფისკაციის შემდეგ, ახლახან გარემონტებული Axioma, რომელიც ფირუზისფერი კორპუსით გამოირჩევა, კვლავ იყიდება. საკუთარ ვებსაიტზე პოტენციური მყიდველებისთვის მას „წყალზე პენტჰაუსსა“ და ალბერტო პინტოს, ცნობილი ფრანგი ინტერიერის დიზაინერის „საბოლოო შედევრს“ უწოდებენ, რომელიც იახტაზე 2012 წელს გარდაცვალებამდე მუშაობდა. $63 მილიონად მყიდველი ისარგებლებს კინოთეატრით, ორთქლის ოთახით, შუშის „უსასრულო“ აუზითა და გემბანის ხიდზე ჯაკუზით და ბარით აუზთან.  

ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს ახლა მისი სრული ფასით ყიდვა სურდეს. ოდესღაც „მცურავი შუშის სასახლის“ სახელით ცნობილი ნავი ახლა წყალში ლპება, ქვედა მხარეს ნიჟარები მრავლდება, ხოლო ტექის ხის იატაკი მზეზე ფუჭდება.

„ნებისმიერი ნავი, რომელიც საზღვაო გარემოში ეკიპაჟის გარეშე რჩება, სწრაფად იშლება“, ამბობს რობერტ დოლინგი, მონაკოში მომუშავე იახტების ბროკერ Verpe ka Dolling-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და აღნიშნავს, რომ Luminosity-მ უკვე დაკარგა ომამდელი ღირებულების ნახევარი, $275 მილიონი. „თუ ძრავებს ან გენერატორებს არ ამუშავებ და სისტემები არ მუშაობს, ყველაფერი ჯოჯოხეთისკენ მიექანება“.

ქაღალდზე, Luminosity-ის კანონიერი მფლობელი არის კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია გერნსის ოფშორულ საგადასახადო სამოთხეში – ეს გავრცელებული პრაქტიკაა მაგნატებს შორის, რომლებიც ხშირად ფლობენ თავიანთ გემებს კომპანიებისა და ტრასტების რთული ჯაჭვის მეშვეობით. გერნსიში დაფუძნებულ ამ კომპანიას სასამართლოში უჩივიან წლების განმავლობაში გადაუხდელი გადასახადების გამო, იახტების მომწოდებელი ფირმისა და ნავმისადგომისთვის, სადაც ის გაიჭედა.

გერმანიაში, სუპერიახტების მწარმოებელი Lürssen-ი ამ აქტივების ომში ორმხრივ ცეცხლში აღმოჩნდა. მაგრამ პრესტიჟულმა იახტების მწარმოებელმა კომპანიამ წინააღმდეგობა გასწია: დაიღალა რა მილიონობით დოლარის გადახდით ამ გაყინული მეგაიახტების – 511 ფუტის სიგრძის, $600-მილიონიანი Dilbar-ის შენახვით – გასულ წელს მან გერმანიის ეკონომიკური საკითხებისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალურ ოფისს უჩივლა. Lürssen-მა იახტა 2016 წელს ააშენა და უიღბლობის გამო – ის გემთმშენებელ ქარხანაში დაბრუნდა რემონტისთვის, როდესაც ომი დაიწყო – მას შემდეგ იქ არის.

მიუხედავად იმისა, რომ Dilbar-ი დიდი ხანია დაკავშირებულია ლითონის მაგნატ ალიშერ უსმანოვთან (რომლის დედის სახელია დილბარი), ის და მისი ადვოკატები წლების განმავლობაში იბრძოდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არაა იახტის მფლობელი. ერთ დროს უსმანოვის და იყო იახტის საკუთრებაში არსებული ტრასტის ბენეფიციარი. (უსმანოვმა ტრასტი 2016 წელს დააარსა და ისიც და მისი დაც უარყოფენ, რომ იახტა მათ ეკუთვნით.) ისიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის სანქციების სიაში იყო, საიდანაც 2025 წელს ამოიღეს. სწორედ მაშინ უჩივლა Lürssen-მა გერმანიის მთავრობას სასამართლოში, იმ მოტივით, რომ მას უნდა დაეფარა მოვლა-პატრონობის ხარჯები, რადგან მფლობელი სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდა. აპრილში ფრანკფურტის სასამართლომ ვერდიქტი Lürssen-ის სასარგებლოდ გამოიტანა.

მაშინაც კი, როდესაც ჩამორთმეული იახტების სამთავრობო აუქციონებს მწვანე შუქი მიეცა, გაყიდვები ჩაიშალა. 2022 წლამდე, 348 ფუტის სიგრძის Amadea – ექვსი გემბანით, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილით, ათმეტრიანი „უსასრულო“ აუზით, ოქროსფერი ლიფტებითა და ხელით მოხატული Pleyel-ის როიალით აღჭურვილი გემი – სავარაუდოდ, აშშ-ის მთავრობის მტკიცებით, რუს ოქროს მაგნატსა და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრს, სულეიმან კერიმოვს ეკუთვნოდა, რომელსაც აშშ-მ პირველად 2018 წელს დაუწესა სანქციები.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, Amadea მექსიკიდან ფიჯიში 18-დღიანი მოგზაურობით გაემგზავრა. იმავე წლის მაისში, ფიჯის ხელისუფლებამ FBI-ის სახელით აღასრულა ჩამორთმევის ორდერი,  კიდევ 16 თვე დასჭირდა, 2023 წლის ოქტომბრამდე, სანამ იუსტიციის დეპარტამენტი სამოქალაქო კონფისკაციის სარჩელს შეიტანდა კერიმოვისთვის იახტის ოფიციალურად ჩამორთმევის მიზნით.

ამას მოჰყვა ორწლიანი სამართლებრივი დავა აშშ-ის მთავრობასა და კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ედუარდ ხუდაინატოვს შორის, რომელიც თავს Amadea-ს ნამდვილ მფლობელად აცხადებდა. ხუდაინატოვმა, რომელსაც კერიმოვთან არანაირი აშკარა კავშირი არა აქვს, ქონების ჩამორთმევის დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანა, მაშინ როცა აშშ-ის მთავრობა ამტკიცებდა, რომ ხუდაინატოვი მხოლოდ ფიქტიური მფლობელი იყო.

ამ პერიოდში ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა გემის მოვლა-პატრონობაზე $36 მილიონი დახარჯეს. საბოლოოდ, ბიძია სემმა გაიმარჯვა, საქმე მოიგო და იახტა აუქციონზე გასული წლის სექტემბერში გაყიდა, თუმცა ომამდელ $300 მილიონთან შედარებით 37%-იანი ფასდაკლებით. ხარჯების გაანგარიშების შემდეგ, ვაშინგტონმა დაახლოებით $150 მილიონი ჩაიგდო ხელში. აშშ-ის მარშალების სამსახურმა, რომელიც იახტის მართვაზე იყო პასუხისმგებელი, სანამ ის ფედერალურ პატიმრობაში იმყოფებოდა, სრული ანგარიშის წარდგენაზე უარი თქვა, მაგრამ განაცხადა, რომ თანხა „მსხვერპლთა კომპენსაციას, პროგრამის ხარჯებს და სხვა სააგენტო ხარჯებს“ მოხმარდებოდა. როგორც ჩანს, ამ თანხიდან არაფერია უკრაინისთვის განკუთვნილი.

Amadea-ს აუქციონის გამარჯვებული 26 წლის დუბაელი უძრავი ქონების მილიარდერი აბას საჯვანი იყო, მილიარდერი დეველოპერისა და ტრამპის მეგობრის, ჰუსეინ საჯვანის ვაჟი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „დუბაის დონალდი“. აბასი თავისი ახალი სათამაშოთი ტკბებოდა. მონაკოში ფორმულა 1-ის გრან–პრიმდე ორი დღით ადრე მან Forbes-ი თავისი უახლესი ფუფუნების შენაძენის სანახავად მიიწვია. „რამდენიმე დეტალმა მიმიზიდა. განლაგება, ინტერიერის სტილი, ბრენდი, აწყობის ხარისხი, მისი მოვლა-პატრონობის წესი“, – განმარტა აბასმა, რომელიც ხის პანელებით მოპირკეთებულ ატრიუმში კრემისფერ დივანზე იჯდა. მის უკან ფანჯრიდან, ხმელთაშუა ზღვის ლურჯ ფერებში მოელვარე, ათობით სხვა სუპერიახტა მოჩანდა, მათ შორის Axioma და Alfa Nero, რომლებიც რუს ოლიგარქებს ჩამოართვეს და ხელახლა გაყიდეს.

236-ფუტიანი Axioma გიბრალტარის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც რუს მილსადენების მილიარდერ დმიტრი პუმპიანსკის ევროკავშირმა 2022 წლის მარტში სანქციები დაუწესა, ამან კი თავის მხრივ დაარღვია JPMorgan-ისგან $21 მილიონის სესხის პირობები, რომელიც იახტით იყო უზრუნველყოფილი. JPMorgan-მა ის აუქციონზე ხუთი თვის შემდეგ გამოიტანა და $37.5 მილიონად მიჰყიდა – ფასდაკლებით მისი წინა $42 მილიონის ღირებულებასთან შედარებით – თურქ ინდუსტრიულ მაგნატებს ალი რიზასა და რობერტ იუკსელ ილდირიმს.

269 ​​ფუტის სიგრძის Alfa Nero, რომელიც 2007 წელს ჰოლანდიურმა გემთმშენებელმა ქარხანა Oceanco-მ ააშენა და პირველი იახტა იყო, რომელსაც ჰქონდა საცურაო აუზი, და რომელიც ღილაკზე ერთი შეხებით ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილად გარდაიქმნებოდა, 2022 წლის მარტში კარიბის ზღვის პატარა სახელმწიფო ანტიგუა და ბარბუდაში შევიდა. ხუთი თვის შემდეგ აშშ-მ ის რუსი მაგნატის, გურიევის, დაბლოკილ საკუთრებად გამოაცხადა, რომელსაც იმავე დღეს სანქციები დაუწესა. ანტიგუას უმაღლესმა სასამართლომ მისი ჩამორთმევის ბრძანება გასცა; შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლება და FBI მის გემბანზე ავიდნენ და გადაიბარეს.

2023 წლის მარტისთვის, იახტა ნავსადგურში გაუწმენდავ ჩამდინარე წყლებს აფრქვევდა მას შემდეგ, რაც მისი ბორტზე დამონტაჟებული კანალიზაციის გამწმენდი მექანიზმი გაფუჭდა. იმავე თვეში ანტიგუის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევდა გაეყიდა ნებისმიერი გემი, რომელიც „ნავსადგურისა და სხვა გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს“ წარმოადგენდა. მან სწრაფად მიიჩნია Alfa Nero საფრთხედ და გამოაცხადა მისი გაყიდვის გეგმები, იმ მოტივით, რომ ის მისმა მფლობელმა მიატოვა.

გურიევის ქალიშვილის, იულია გურიევა-მოტლოხოვის ადვოკატებმა, რომელიც იახტის ბენეფიციარ მფლობელად აცხადებდა თავს, გაასაჩივრეს გაყიდვა და ამტკიცებდნენ, რომ ანტიგუის მთავრობას არ ჰქონდა იახტის კონფისკაციის იურიდიული უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, Alfa Nero აუქციონზე 2023 წლის ზაფხულში გაიტანეს. ყველაზე მაღალი ფასი Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ერიკ შმიდტმა შესთავაზა –  $68 მილიონი, მაგრამ მალევე უკან გაიწვია თავისი შეთავაზება, რადგან გურიევის ქალიშვილსა და ანტიგუის მთავრობას შორის სამართლებრივი დავა გამწვავდა.

2024 წლის ივლისში მთავრობამ საბოლოოდ მიჰყიდა ის ილდირიმს, იმავე ადამიანს, ვინც იყიდა Axioma. ამჯერად თურქმა მრეწველმა საკმაოდ კარგი გარიგება დადო, გადაიხადა $40 მილიონი – თავდაპირველი ღირებულების ნახევარზე ნაკლები. კუნძულის მთავრობის მიერ მოვლა-პატრონობისთვის დახარჯული $9 მილიონის გათვალისწინებით, დარჩენილი შემოსავალი ანტიგუის მთავრობის ვალის დასაფარად გამოიყენეს. უკრაინამდე არცერთი ცენტი არ მისულა.

გურიევის ქალიშვილი კვლავ ებრძვის სასამართლოებს ანტიგუაში, აშშ-ში, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ამტკიცებს, რომ ანტიგუის მთავრობა კორუმპირებული იყო და გაყიდვისთვის უკანონო საკომისიო მიიღო, რასაც ანტიგუა უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ Alfa Nero მისი კონტროლის მიღმა რჩება, რუსეთში მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია ახალი მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში. გასული წლის ივლისში რუსეთის სასამართლომ ბრძანა ილდირიმის და მისი ძმის საკუთრებაში არსებული ფეროქრომის ქარხნის ჩამორთმევა. ილდირიმმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო გურიევა-მოტლოხოვის და ანტიგუის მთავრობის წარმომადგენლებმა კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს.

ამ სახის იურიდიულმა გართულებებმა და გაუმჭვირვალე საკუთრების სტრუქტურებმა შეამცირა ამ აქტივების ღირებულება. რა მოხდება, თუ იახტა გაემგზავრება ქვეყანაში, რომელიც არ აღიარებს გაყიდვას, რაც გამოიწვევს მისი ყოფილი მფლობელის ბრძანებით დაკავებას? „იახტინგზე სიარული სახალისო უნდა იყოს, – ამბობს რიჩარდ ლამბერტი, მონაკოში მდებარე Burgess Yachts-ის გაყიდვების ბროკერი. – არავის უნდა შიშში ცხოვრება. ნებისმიერს, ვინც ამ იახტებს ყიდულობს, ძალიან, ძალიან ძლიერი იურიდიული რჩევების გათვალისწინება მოუწევს“.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ ცდილობს ილდირიმი იახტის უკვე გაყიდვას. ან შესაძლოა, მას უბრალოდ უფრო მეტი ფულის გამომუშავება სურს: Alfa Nero-ს $40 მილიონის გადახდიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, ილდირიმმა ის $101 მილიონად – მისი შესყიდვის ფასის 153%-ად – გაყიდა და ივნისში, მონაკოს გრან–პრის დროს სრულად წარმოადგინა. მან ასევე შესთავაზა Axioma $63 მილიონად, რაც 67%-ით მეტია გადახდილ თანხასთან შედარებით.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელებს, მათ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაეკისროთ. ყოფილი იახტების მფლობელები სულ უფრო ხშირად ითხოვენ კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურებას მთავრობებისგან, იმის ნაცვლად, რომ თავიანთი გაუფასურებული ნავების დაბრუნებას ცდილობდნენ. ფიქტიურმა კომპანიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ფლობს 303 ფუტის სიგრძის, $200 მილიონის Royal Romance-ს, ხორვატიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და $40 მილიონზე მეტი მოითხოვა „გაყინული“ იახტის გამოყენების შეუძლებლობის გამო. ამ სარჩელების უმეტესობა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ იურისტები ამბობენ, რომ რისკები გაიზრდება, თუ მეტი სასამართლო გააუქმებს სანქციების აღნიშვნებს ან კონკრეტული აქტივების გაყინვას, როგორც ეს ახლახან  გააკეთა გერმანიამ. „იმ შემთხვევებში, როდესაც [სანქციების] სიაში შეტანა უკანონოდ იქნა მიჩნეული, ძალიან სავარაუდოა, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები“, – ამბობს ბერტრან მალმენდიე, ბერლინში მოღვაწე იურისტი, რომელიც რამდენიმე სუპერიახტის საქმეზე მუშაობდა. სასამართლოში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია ცვეთის, დაკარგული ჩარტერული შემოსავლისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებისთვის.

აშშ-ში, რომელმაც ევროპელ კოლეგებთან შედარებით უფრო მიზანმიმართული ქმედებები განახორციელა, ეს ნაკლებად სავარაუდოა – მაგრამ აქაც კი, სადაც პოლიტიკური ქარის მიმართულება შეიცვალა, ოლიგარქებს შანსი აქვთ. „მათ ნამდვილად ექნებათ [სარჩელის შეტანის] უფლება“, – ამბობს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ყოფილი მრჩეველი, რომელიც სანქციებს აღასრულებს. „თქვენ საქმე გაქვთ რესურსებით გამორჩეულად მდიდარ, და სასამართლო დავების მოყვარულ ჯგუფთან“.

ის, რაც დაიწყო, როგორც დასავლეთის ქვეყნებისთვის უკრაინის მხარდაჭერის თვალსაჩინო კამპანია, ფიასკოში გადაიზარდა, რამაც მილიონების დაკარგვა გამოიწვია, კიევს ვერაფრით დაეხმარა და არანაირი გავლენა არ მოუხდენია პუტინზე ან მის მოკავშირეებზე. როგორც ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა ერთხელ თქვა: „პრობლემის მთავრობის მიერ გადაწყვეტა, როგორც წესი, ისეთივე ცუდია, როგორიც თავად პრობლემა“. ან უარესი.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი