Top 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს სტუმრობენ

Top 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს სტუმრობენ
გაგაცნობთ 10 ქვეყანას, საიდანაც 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი, ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე. სიის პირველ ათეულზე, საიდანაც საქართველოს სტუმრობენ, ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 74% მოდის. 2026 წლის პირველ ნახევარში 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა და 3.1 მლნ შეადგინა.

მეთოდოლოგია: საქსტატი ვიზიტორების სტატისტიკას კვარტალურად აქვეყნებს და ამ დროისთვის იანვარ-ივნისის მონაცემებია ცნობილი, რომელთა მიხედვით, ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტებთან ერთად ერთდღიან და ტრანზიტულ ვიზიტებს მოიცავს. ტურისტად იმ შემთხვევაში ითვლება ვიზიტორი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ღამეს გაათენებს. რეიტინგში ევროკავშირის ქვეყნები ჯამურად, ერთ სუბიექტად არის წარმოდგენილი.

  1. რუსეთი

ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთია. 2026 წლის 6 თვეში რუსეთიდან 610,825 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით მეტია. რუსეთის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2025 წელს რუსეთიდან სულ 1.6 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 694 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 439 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 307 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 503 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა.

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2012 წლიდან იზრდება, მას შემდეგ რაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ 90 დღით ყოფნის უფლება მიეცათ. 2015 წლიდან 90–დღიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა. 2022-2026 წლებში რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 20%-თან ახლოსაა შენარჩუნებული.

  1. თურქეთი

2026 წლის 6 თვეში თურქეთიდან 525,380 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. თურქეთის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 17.2%-ია. 2025 წელს თურქეთიდან სულ 1,249 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 606 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 485 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 255 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა თურქმა ვიზიტორმა საშუალოდ ისევ 485 დოლარი დახარჯა.

პანდემიის წლების (2020-2022) გამოკლებით თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა სტაბილურადაა შენარჩუნებული წლიურად 1.2 მლნ-ის დონეზე.

  1. სომხეთი

2026 წლის იანვარ-ივნისში სომხეთიდან 360,050 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. სომხეთის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 11.8%-ია. 2025 წელს სომხეთიდან სულ 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 170 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 180 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 69 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა სომეხმა ვიზიტორმა საშუალოდ 191 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა.

სომხეთიდან მაღალი არის 1-2 დღით შემოსული ვიზიტორების ან ტრანზიტის წილი, რაც ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯს ამცირებს. პანდემიამდე, 2015-2019 წლებში სომხეთიდან წლიურად საშუალოდ 1.3 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, პანდემიის შემდეგ, 2023-2025 წლებში კი წლიურად საშუალოდ 950 ათასი შემოვიდა.

  1. ევროკავშირი

2026 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირიდან 249,201 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტია. ევროკავშირის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 8.2%-ია. 2025 წელს ევროკავშირიდან სულ 500 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 660 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,321 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 336 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა ევროკავშირიდან საშუალოდ 1,347 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 2%-იანი ზრდაა.

ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მაღალი ზრდა ევროკავშირიდან დაფიქსირდა – 47 ათასით მეტი შემოვიდა. ჯამური 249 ათასი ვიზიტორიდან ყველაზე მეტი გერმანიიდან (41 ათასი), პოლონეთიდან (40 ათასი) და საფრანგეთიდან (16 ათასი) შემოვიდა.

  1. ისრაელი

2026 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან 146,628 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.4%-ით ნაკლებია. ისრაელის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 4.8%-ია. 2025 წელს ისრაელიდან სულ 402 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 586 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ისრაელელმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,457 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 223 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ისრაელელმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,519 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 4.2%-იანი ზრდაა.

ისრაელი საქართველოში შემომყვანი ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ბოლო ათ წელიწადში ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა.

  1. აზერბაიჯანი

2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან 133,345 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 4.4%-ია. 2025 წელს აზერბაიჯანიდან სულ 292 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 223 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა აზერბაიჯანელმა ვიზიტორმა საშუალოდ 764 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 108 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა აზერბაიჯანელმა ვიზიტორმა საშუალოდ 807 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 5.5%-იანი ზრდაა.

2020 წლიდან კოვიდპანდემიის მიზეზით აზერბაიჯანს საქართველოსთან ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს. საზღვრის ჩაკეტვამდე, 2019 წელს აზერბაიჯანიდან 1.5 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც ჯამური ვიზიტორების 16.3% იყო.

  1. უკრაინა

2026 წლის 6 თვეში უკრაინიდან 69,250 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. უკრაინის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 2.3%-ია. 2025 წელს უკრაინიდან სულ 137 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 158 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა უკრაინელმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,152 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 99 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა უკრაინელმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,429 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.

  1. ყაზახეთი

2026 წლის 6 თვეში ყაზახეთიდან 66,526 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ით მეტია. ყაზახეთის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 2.2%-ია. 2025 წელს ყაზახეთიდან სულ 169 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 200 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ყაზახმა ვიზიტორმა საშუალოდ 1183 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ყაზახი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ ვიზიტორების ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, მათი ჯამური დანახარჯი 213 მლნ დოლარამდე იქნება.

  1. ჩინეთი

2026 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთიდან 54,554 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. ჩინეთის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 1.8%-ია. 2025 წელს ჩინეთიდან სულ 128 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 170 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ჩინელმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,330 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჩინელი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ ვიზიტორების ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, მათი ჯამური დანახარჯი 75 მლნ დოლარამდე იქნება.

ჩინეთი საქართველოში შემომყვანი ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. 2023 წლის სექტემბერში საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის 30–დღიანი უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

 

  1. ბელარუსი

2026 წლის იანვარ-ივნისში ბელარუსიდან 46,220 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. ბელარუსის წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 1.5%-ია. 2025 წელს ბელარუსიდან სულ 150 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ჯამში 90 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ბელარუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 597 დოლარი დახარჯა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 40 მლნ დოლარი დახარჯეს. ერთმა ბელარუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 856 დოლარი დახარჯა, რაც 2025 წელთან შედარებით 43%-იანი ზრდაა.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი