ექსპერიმენტის ფარგლებში TikTok-მა თინეიჯერებს უსაფრთხოების პლაცებო-ფუნქცია ჩაურთო – ნიუ-იორკის სარჩელი

ექსპერიმენტის ფარგლებში TikTok-მა თინეიჯერებს უსაფრთხოების პლაცებო-ფუნქცია ჩაურთო – ნიუ-იორკის სარჩელი

ფოტო: Matt Cardy/Getty Images

 

ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილი, ოთხშაბათს გასაჯაროებული სარჩელის თანახმად, TikTok-მა ათასობით მომხმარებელზე, რომლებსაც პლატფორმაზე უსაფრთხოების ფუნქციის ჩართვა სურდათ, ექსპერიმენტი ჩაატარა. სარჩელის მიხედვით, მომხმარებლებს ამ ხელსაწყოს არაფუნქციური ვერსიები მიაწოდეს.

ე.წ. „მოჩვენებით“ ანუ პლაცებო-ექსპერიმენტებში TikTok-მა ათასობით მომხმარებელი შეარჩია, მათ შორის მოზარდები და ბავშვები, რომლებმაც გადაწყვიტეს უსაფრთხოების ისეთი ფუნქციები გამოეყენებინათ, როგორიცაა „Algo Refresh“ (ალგორითმის განახლება). ეს ხელსაწყო განკუთვნილი იყო რეკომენდაციების გადასატვირთად იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურდათ თავი აერიდებინათ არასასურველი ან პოტენციურად მავნე კონტენტისთვის. სარჩელის თანახმად, ამ მომხმარებლებს ეგონათ, რომ ფუნქცია გააქტიურეს, მაგრამ მათი კონტენტის ნაკადები რეალურად არ შეცვლილა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლების ნაწილმა ფუნქციის სრულად მოქმედი ვერსია მიიღო.

ახლახან გასაჯაროებული ბრალდებები ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის მიერ კომპანიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ნაწილია. სხვადასხვა შტატში TikTok-ის წინააღმდეგ შეტანილი ათეულობით სარჩელი პლატფორმას აპლიკაციის ისე მოწყობაში ადანაშაულებს, რომ ბავშვებში დამოკიდებულება გამოიწვიოს და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს.

სარჩელში ნათქვამია, რომ TikTok-ი მომხმარებლებს არწმუნებს, თითქოს უსაფრთხოება პრიორიტეტია და პლატფორმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის შესაფერისია, თუმცა კომპანია შეგნებულად უზღუდავს წვდომას უსაფრთხოების გარკვეულ ხელსაწყოებზე მომხმარებელთა ზოგიერთ ჯგუფს. მათ შორის მათაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობდა არასასურველი ან პოტენციურად მავნე კონტენტის თავიდან არიდებას.

კომპანიამ სასამართლო დოკუმენტებში კატეგორიულად უარყო ნიუ-იორკის შტატის ბრალდებები და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტულია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.