ილონ მასკი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში უმსხვილესი დონორია

ილონ მასკი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში უმსხვილესი დონორია

ფოტო: AFP via Getty Images

 

ფედერალური საარჩევნო დოკუმენტებისა და გამოცემა The New York Times-ის მონაცემებით, სექტემბრის ჩათვლით, ილონ მასკმა 2026 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის $366 მილიონი გამოყო. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამ დროისთვის აშშ-ის შუალედურ არჩევნებში უმსხვილესი დონორია.

მათ შორის, დაახლოებით $276 მილიონი Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ივლისის შემდეგ გაიღო. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რესპუბლიკელთა მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს გადაეცა.

აშშ-ის ნოემბერში დანიშნული შუალედური არჩევნებისთვის მასკის შეწირულებები მოიცავს როგორც მილიარდერის მიერ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად შექმნილი პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტისთვის (America PAC) გადაცემულ თანხებს, ისე სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში განხორციელებულ შენატანებს. მაგალითად, America PAC-მა $76 მილიონი მიიღო, ხოლო დამატებით $158 მილიონი Senate Leadership Fund-ს გადაეცა. ეს უკანასკნელი სენატის არჩევნებში რესპუბლიკელ კანდიდატებს უჭერს მხარს.

მასკის წარმომადგენლების მიერ გამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მილიარდერმა $20 მილიონი Congressional Leadership Fund-ისთვის გაიღო, დამატებით $10 მილიონი გამოყო Lone Star Liberty PAC-ისთვის და $10 მილიონიც რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციისთვის.

შედეგად, აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის დონაციებით მასკმა მილიარდერ მარკ ანდრეესენსა და მის ბიზნესპარტნიორ ბენ ჰოროვიცს გადაასწრო, რომლებიც აგვისტოს მონაცემებით უმსხვილეს დამფინანსებლებს შორის ლიდერობდნენ. The New York Times-ისა და The Washington Post-ის აგვისტოს მონაცემებით, მათ არჩევნებისთვის $115.3 მილიონი ჰქონდათ გაღებული.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელთა მაშინდელი კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და მისი პარტიის მხარდასაჭერად ილონ მასკმა დაახლოებით $290 მილიონი დახარჯა. 2024 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას შეუერთდა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ამჟამად $1.007 ტრილიონს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად და, ამავდროულად, პლანეტის ერთადერთ ტრილიონერად აქცევს.